“ვაპირებთ ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას” – რა გეგმები აქვს “თიგის სახლს” წელს?

ეკოტურისტული სივრცის „თიგის სახლის“ დამფუძნებელმა, ნინო თიგიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, კომპანიის გეგმებში შედის შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში სოფლის მოქცევისთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, როგორც ნინო თიგიშვილი ამბობს, მომავალში „თიგის სახლი“ განთავსების ობიექტის დამატებასა და უცხოელი მოხალისეების ხანგრძლივი ვადით მიღებასაც გეგმავს, რომლებიც მათთან ერთად იმუშავებენ.
„თიგის სახლი“, როგორც მრავალპროფილური სივრცე, სტუმრებს ტრადიციული ქართული სამზარეულოს მასტერკლასებსა და სასოფლო-სამეურნეო აქტივობებს სთავაზობს. ობიექტის დამფუძნებლის თქმით, სივრცე ერთდღიანი შეთავაზებებით მუშაობს, რადგან განთავსების ობიექტი ამ ეტაპზე არ აქვთ. ყველაზე მოთხოვნადი მომსახურება ტრადიციული სამზარეულოს მასტერკლასებია, რომლის ფასიც ჯგუფის ზომის მიხედვით განსხვავდება. 10 ადამიანზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ჯგუფისთვის, სრულფასოვანი მენიუთი, რომელსაც მასტერკლასი მოჰყვება, ფასი ერთ პერსონაზე 80 ლარია. მაქსიმალური დასაშვები ჯგუფის ზომა კი 18 ადამიანს უნდა შეადგენდეს.
როგორც ნინო თიგიშვილმა აღნიშნა, მათ სივრცეში ამ დროისათვის ქართველი და უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა თანაბრად იყოფა, რომელთა შორის ძირითადად საშუალოზე მაღალი გადახდისუნარიანობის ტურისტები არიან.
„აზიურ ბაზრებთან ამ დრომდე არ მიმუშავია და არც მაქვს მოლოდინი, რომ მათთვის საინტერესო ვიქნებით“, – აღნიშნა მან.
გარდა ამისა, “თიგის სახლის” დამფუძნებლის თქმით, ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას სოციალურ პასუხისმგებლობას უთმობენ, რის ფარგლებშიც გეგმავენ, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობით მცენარეების შეგროვების ორმხრივი პროექტის გაფართოებას.
„ახალ წელს გვქონდა მცდელობა – მათ მიერ მოძიებული პროდუქტი ჩავიბარეთ, გადავუხადეთ ანაზღაურება და რეალიზაცია ჩვენ უზრუნველვყავით. ეს პროექტი წელსაც გვინდა გავაგრძელოთ და გავაფართოოთ“, – აღნიშნა თიგიშვილმა.
ცნობისთვის: „თიგის სახლი“ 2020 წლის თებერვალში დაარსდა, თავდაპირველად ბრენდი მომხმარებელს მხოლოდ ჩაის სთავაზობდა, 2022 წლიდან კი კომპანიის საქმიანობა მომსახურების სექტორში გადაიზარდა.