ჰოლანდიაში მოქმედმა ქართველმა ემიგრანტმა თეატრალებმა საბერძნეთში მცხოვრები ქართველებისთვის და ბერძენი მაყურებლისთვის დავით კლდიაშვილის ნაწარმოებების მიხედვით დადგმული ორი სპექტაკლი წარადგინეს.
„სასიამოვნოა ემიგრანტებისთვის ემიგრანტებთან შეხვედრა. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმეა. ჩვენ ყველანი საზღვარგარეთ ვცხოვრობთ ემიგრაციაში და ვფიქრობ, რომ სადაც ვართ ჩვენ და ვაკეთებთ ქართულ საქმეს, იქ არის საქართველო“,- აღნიშნა თეატრ „ათინათის“ ხელმძღვანელმა ნათია ახვლედიანმა.
პირველ დღეს მაყურებელმა „დარისპანის გასაჭირი“ იხილა, რომლის რეჟისორი ირინე ჩხეიძეა.
„ნიდერლანდების სამოყვარულო ქართული თეატრის წევრები ძალიან ნიჭიერები არიან. საინტერესოდ წარმოადგინეს ორივე სპექტაკლი. ნამდვილი ზეიმი მოუწყვეს საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრაციას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ემიგრანტებმა ემიგრანტებისთვის ითამაშეს სცენაზე და დიდი სიხარული მიანიჭეს მათ“, -განაცხადა რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ.
გასტროლის მეორე დღეს რეჟისორ ბადრი წერედიანის მიერ დადგმული „სამანიშვილის დედინაცვალი“ იქნა წარდგენილი.
„ძალიან თბილი მაყურებელი და კოლეგები დაგვხვდა ათენში. ძალიან ბედნიერები ვართ და მადლობას ვიხდი ასეთი მიღებისთვის. ძალიან ემოციურია, როდესაც უცხო მიწაზე ქართველები ქართველებისთვის წარმოადგენენ სპექტაკლებს და უდიდეს სიხარულს ვჩუქნით ერთმანეთს“,-განაცხადა რეჟისორმა ბადრი წერედიანმა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლებმა ანშლაგით ჩაიარა და მას საბერძნეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
მათივე ცნობით, სხვადასხვა დროს ორივე სპექტაკლს საერთაშორისო სამოყვარულო ფესტივალებზე გრანპრი და მნიშვნელოვანი ჯილდოები აქვს მოპოვებული.
„აქაურმა ემიგრაციამ გაიზიარა ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი ემიგრაციის ნაშრომი. სპექტაკლი იყო შესანიშნავი და შესანიშნავად თამაშობდნენ მსახიობები. ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით. მადლობა იმ მაყურებელს, რომლებიც დაესწრნენ სპექტაკლებს და გაიზიარეს ჩვენი სიხარული“,-განაცხადა ათენში მოქმედმა, ნიკო გომელაურის სახელობის ქართული თეატრის რეჟისორმა და მსახიობმა ნიკოლოზ ტყავაძემ.
ინფორმაციისთვის, ნიდერლანდების სამეფოში ქართული სამოყვარულო თეატრი „ათინათი“ 2020 წელს თინათინ ახვლედიანმა დააფუძნა, რომლის გარდაცვალების შემდეგ, დასს მისი შვილები, ნათია და ბაია ახვლედიანები ხელმძღვანელობენ. წელს, დაარსებიდან 5 წლის თარიღთან დაკავშირებით ოქტომბერში ახალი სპექტაკლის პრემიერა და კულტურული ღონისძიებები გაიმართება, სადაც საქართველოდან ოფიციალური სტუმრები იქნებიან მიწვეული.
