თბილისის მერიის განცხადებით, გლდანის რაიონში ახმეტელის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება, რის გამოც ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.
მათივე ცნობით, სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ახმეტელის ქუჩაზე, გუშინ, 9 მაისის 10:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. კერძო ავტომობილები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს გზის ერთ განაპირა ზოლში ორმხრივად – ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით, გზის მარცხენა მხარეს.
“შეზღუდულ მონაკვეთში, ომარ ხიზანიშვილის ქუჩიდან ქერჩის ქუჩის მიმართულებით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს, პერიმეტრზე განთავსებული დროებითი საგზაო ნიშნების შესაბამისად.
საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შიდასაუბნო გზების საშუალებით, რომელიც ფორე მოსულიშვილისა და ქერჩის ქუჩებს, სანდრო ახმეტელის ქუჩის თავისუფალ მონაკვეთთან აკავშირებს.
გარდა ამისა, სამუშაოების წარმოების პერიოდში, ღამის საათებში, 00:30-დან 06:00 საათამდე, პერიოდულად შეიზღუდება საავტომობილო გადაადგილება სანდრო ახმეტელის ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთში. ასეთ დროს, ავტოტრანსპორტისთვის ხელმისაწვდომი იქნება ალტერნატიული შემოვლითი გზები – ქერჩისა და ფორე მოსულიშვილის ქუჩების გავლით”, – წერია განცხადებაში.
