“მარჯანიშვილის მოედნიდან” “ევროპის მოედნის” მიმართულებით მსვლელობა დაიწყო

მარჯანიშვილის მოედნიდან ევროპის მოედნის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობენ კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, წევრები და რიგითი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერით: „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ და ა.შ.
ასევე აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები, რომლებზეც მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების სახელები და გვარებია აღნიშნული.
როგორც კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა, დღევანდელი მსვლელობა და ევროპის მოედანზე გამართული აქცია, ევროინტეგრაციისთვის ბრძოლის გაგრძელებაა.
„დღეს, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ ევროინტეგრაციისთვის. მარტივი მოცემულობა გაახმოვანა ევროკავშირის ელჩმა, თქვა, რომ “ქართული ოცნების” ანტიევროპული და ანტიქართული გადაწყვეტილებების გამო შეჩერებულია ევროინტეგრაციის პროცესი. ეს პროცესი კი არ განახლდება, ვიდრე ხელისუფლება ევროპულად არ მოიქცევა. შესაბამისად, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს პროევროპული ხელისუფლებით, რომელიც კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. თუ ეს შანსი, რომელიც ევროკავშირის გაფართოებას გულისხმობს, საქართველომ ხელიდან გაუშვა, ნიშნავს ათწლეულობით გადავადებულ ევროინტეგრაციას”,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

„საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78-ე მუხლის“ დამფუძნებლებმა თანათავმჯდომარე კახი სამხარაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც სამხარაძემ ორგანიზაცია დატოვა