ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე, ყველას თანავუგრძნობ 400-მდე დაზარალებულია. ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე არის ყოველდღიურ კომუნიკაციაში საინიციატივო ჯგუფთან და უმძიმესი მდგომარეობაა ადგილზე, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა, გამოვთქვით მხარდაჭერა. ძალიან მძიმე იყო ჩემთვის კადრები, რაც ვნახე დამწვარი ტერიტორიის, დაზარალებული ადამიანები და ძალიან კარგად მესმის მათი, შევდივარ მათ მდგომარეობაში. ჩვენ აღვუთქვით მხარდაჭერა, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ექნებათ ფინანსური მხარდაჭერაც. გარდა ამისა, გვთხოვეს ტერიტორიის დასუფთავება, ეს სამუშაოებიც უკვე დაწყებულია. ასევე გვქონდა კომუნიკაცია ბაზრობის ხელმძღვანელობასთან და ისინიც დავითანხმეთ იმაზე, რომ ძალიან სწრაფად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.
გარდა ამისა, „საქართველოს“ ბანკთან და „თიბისი“ ბანკთან აქტიურ კომუნიკაციაში ვიყავით, ამ ადამიანებს აქვთ სასესხო ვალდებულებები და ბანკებიც შემოდიან მხარდამჭერი პროგრამებით, მათ გაუხანგრძლივებენ და შეუმსუბუქებენ ამ გადასახადებს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი მათ. მნიშვნელოვანია ის, რომ ერთმანეთს გაჭირვების დროს გვერდით დავუდგეთ, მხარი დავუჭიროთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ როდესაც ამ ტიპის საქმიანობას ეწევი, აუცილებელია სადაზღვევო კომპანიებთან თანამშრომლობა, რადგან ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ძალიან მალე ჩვენ დავასრულებთ ამ გაწმენდით პროცესს, დაიწყება აღდგენითი სამუშაოები და ეს ადამიანები დაუბრუნდებიან თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას. ჩვენ ბევრი სპეკულაცია, უამრავი სიბინძურე მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით, ე.წ. პოლიტიკური პარტიების და პოლიტიკოსების მხრიდან, რა თქმა უნდა ეს იყო სიცრუე და სიბინძურე. ამ 400 ადამიანს ვუცხადებ მხარდაჭერას და თანადგომას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
