„რონდელის ფონდის“ მკვლევარი, გიორგი ბადრიძე აცხადებს, რომ „რონდელის ფონდმა“ შესაძლოა მაისის ბოლოდან საქმიანობა შეწყვიტოს.
ამის შესახებ, გიორგი ბადრიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.
მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ფონდის საქმიანობა და დაფინანსება გამჭვირვალე იყო, გაუსაძლისი პირობები შეიქმნა.
„ჩვენ აღმოვჩნდით ისეთივე წნეხის ქვეშ, როგორც ჩვენგან მნიშვნელოვნად განსხვავებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აკონტროლებდნენ სამთავრობო კორუფციას ან აკვირდებოდნენ არჩევნებს. მას შემდეგ, რაც ფონდი ალექსანდრე რონდელმა 90-იანი წლების ბოლოს დააარსა, ჩვენ გახლდით წამყვანი კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც ქმნიდა ექსპერტიზას, ცოდნას საერთაშორისო ურთიერთობების უსაფრთხოების საკითხებში. ჩვენთვისაც ისეთივე გაუსაძლისი პირობები შეიქმნა, მიუხედავდა იმისა, რომ ჩვენი დაფინანსება და საქმიანობაც 100%-ით გამჭვირვალე იყო. ჩვენ თვითონ ვაქვეყნებდით ინფორმაციას იმის თაობაზე თუ რომელი პროექტი ვის მიერ იყო დაფინანსებული და ისინი ყოველთვის იყვნენ საქართველოს ახლო მოკავშირე დემოკრატიული სახელმწიფოები. პრინციპულად არ ვთანხმდებოდით დაფინანსებას, რომელსაც გვთავაზობდნენ ის ქვეყნები, რომელთა ინტერესი შეიძლება ოდნავ მაინც ყოფილიყო კონფლიქტში ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. დღეს ჩვენ ვართ რეალობის წინაშე, როდესაც მაისის ბოლოდან შეიძლება ვეღარ გავაგრძელოთ საქმიანობა.
ეს არის რეალობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ “ შექმნა, როდესაც თუ მის ინტერესს არ ატარებ თუ ბიძინა ივანიშვილისგან არ მოიპოვე ნებართვა იარსებო, ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ შენ საქმიანობა შეწყვიტო. მიუხედავად იმისა რამდენად სასარგებლო და მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ეს საქმიანობა ჩვენი ქვეყნის ინტერესებისათვის“,- განაცხადა ბადრიძემ.
ბადრიძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ გრანტების შესახებ კანონით შეტანილი ცვლილებებით ორგანიზაციისთვის პრობლემა ხდება უცხოური დაფინანსების მიღება, მათთვის პრინციპულად მიუღებელია „აგენტის სტატუსით“ დარეგისტრირება, რასაც ასევე ახლახან მიღებული კანონები, მათ ორის ე.წ. „ფარა“ ავალდებულებთ.
