შალვა პაპუაშვილი – რომ დაგვეჯერებინა ბიუროკრატებისთვის ბრიუსელიდან, დაგვეწესებინა სანქციები, შემოგვეღო ვიზები, ჩაგვეკეტა ცა, წავსულიყავით ესკალაციაზე, დღეს ვიქნებოდით ნაომარი, დანგრეული ქვეყანა

ჩვენ რომ დაგვეჯერებინა, მათ შორის ევროკომისიის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის, ასევე ევრობიუროკრატისთვის და დაგვეწესებინა სანქციები, დღეს ვიქნებოდით ნაომარი, დანგრეული ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველოს მოსახლეობაზე სხვა ქვეყნის პოლიტიკოსები არ იფიქრებენ, რადგან მათ თავისი ინტერესები აქვთ.
„ამ ბიუროკრატიის პრესსპიკერი დღეს მორალს უკითხავს ქართველ ხალხს. რომ დაგვეჯერებინა ბიუროკრატებისთვის ბრიუსელიდან, დაგვეწესებინა სანქციები, შემოგვეღო ვიზები, ჩაგვეკეტა ცა, წავსულიყავით ესკალაციაზე, რომ დაგვეჯერებინა ბალტიელი პოლიტიკოსებისთვის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლისთვის, დღეს ვიქნებოდით ნაომარი, დანგრეული ქვეყანა. ეს ხომ არის ყველაზე ცალსახა ლუსტრაციაა იმ ამორალური პოლიტიკისა, რომელსაც ევროპის სახელით, არაევროპელი და ზოგიერთი საბჭოთა მენტალიტეტის მქონე პოლიტიკოსი აწარმოებს როგორც საქართველოს მიმართ, ისე უკრაინის მიმართაც, როდესაც ის გამოყენებულია მარიონეტად, რათა საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველყონ.
ასევე, შეგახსენებთ, რომ არა მხოლოდ ლატვიის დაზვერვის სამსახურის უფროსი, ლატვიის პრეზიდენტი ჩვენ მოგვიწოდებდა, დაგვეწესებინა სანქციები სთვის. თავად ლატვია, რომელიც თბილად არის ნატო-ს ქოლგის ქვეშ, საქართველოს, რომლის ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებული აქვს რუსეთს, მოგვიწოდებდა, წავსულიყავით ესკალაციაზე. რომ დაგვეჯერებინა ლატვიის პრეზიდენტისთვის, სხვა პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც ესკალაციისკენ მოგვიწოდებდნენ, დღეს საქართველო იქნებოდა ნაომარი. მერე გამოვიდოდნენ იგივე პოლიტიკოსები საზღვარგარეთ და იტყოდნენ რაიმე ლამაზ-ლამაზ სიტყვებს. როგორ გაქრა დედამიწის პირიდან ეს მშვენიერი ერი თავისი კულტურით და სადმე მუზეუმში გამოგვიყოფდნენ ალბათ ადგილს, რათა პატივი მიეგოთ ჩვენი კულტურისთვის და ხსოვნისთვის.
იმ მომენტში, როდესაც ლატვიის პრეზიდენტი ამბობდა, დაუწესეთ სანქციებიო, ფიქრობდა იმ შედეგებზე, რომელიც შეიძლება, ასეთ უპასუხისმგებლო მოწოდებებს ჰქონოდა?! არ ფიქრობდა. ამიტომ ეს არის ამოსავალი წერტილი, რომ ჩვენ ეს ისედაც ვიცოდით, მაგრამ კიდევ ერთხელ ამის ლუსტრაცია გააკეთა, რომ ჩვენი ინტერესებით არავინ ფიქრობს დედამიწის ზურგზე, გარდა ჩვენი ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლებისა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.