ჩიკვაიძისა და პაპიაშვილის საქმის პროკურორი – სასამართლომ გამოიტანა ერთადერთი სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება

გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის საქმის პროკურორის გიორგი ჯავარაშვილის განცხადებით, სასამართლომ ერთადერთი სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო და ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავეებად ცნო.
ამის შესახებ პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა, რის საფუძველზეც გამოიტანა ერთადერთი სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება, გამამტყუნებელი განაჩენი და ბრალდებულები ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დადასტურდა უკვე მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული“, – განაცხადა გიორგი ჯავარაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულები – გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი დამნაშავედ ცნო და შესაბამისად, 9 წლითა და 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შესაბამისად, ირაკლი პაპიაშვილი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.