უკრაინამ, შესაძლოა, მსჯავრდებულთა 20-30%-ის მობილიზება განახორციელოს, – ამის შესახებ ქვეყნის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ევგენ პიკალოვმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებს 8 300-ზე მეტი მსჯავრდებული შეუერთდა და კიდევ 1 000 განაცხადი განიხილება. თუ ამ ინიციატივის პოტენციალზე ვისაუბრებთ, ჩვენი პროგნოზით, უკრაინაში მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 20-30%-ს შეუძლია ისარგებლოს ამ შესაძლებლობით და დაიცვას სახელმწიფო“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
პიკალოვის თქმით, ეს შეიძლება გახდეს შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი რეზერვი იმ პირობებში, როდესაც რუსული აგრესია გრძელდება.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ დროისთვის უკრაინაში პატიმრობაში 37 ათასი ადამიანი იმყოფება. თუმცა, ყველა მათგანი არ არის შესაფერისი მობილიზაციისთვის დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით. მაგალითად, ტერორიზმის, კორუფციისა და სექსუალური დანაშაულისთვის, ან სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის მსჯავრდებული პირები მობილიზაციას არ ექვემდებარებიან.
