პროკურატურამ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვის და გასაღების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და 188 900 დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურები ქალაქ გორში გაასაღეს.
„ორივე პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.