ნებისმიერი მცდელობა, რომ შეამცირონ „MEGOBARI აქტის“ დოკუმენტის მნიშვნელობა, აზიანებს თავად „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელმა გიორგი მელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.
გიორგი მელაშვილის განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტი საქართველოსთვის ძალიან მძიმე და ძალიან პრობლემურია.
„დოკუმენტი არის მიღებული და მიღებულია წარმომადგენლობით პალატაში. შემდეგი იქნება სენატში განხილვა,შემდეგ კი პრეზიდენტის მიერ ხელმოწერა. ნებისმიერი მცდელობა, რომ შეამცირონ ამ დოკუმენტის მნიშვნელობა, აზიანებს თავად „ქართულ ოცნებას“, რაც უფრო მეტად გადავლენ არაღიარების რეჟიმში მით უფრო მეტად იგრძნობენ ტკივილს, როდესაც რეალობა დააწვებათ მთელი თავისი სიმძაფრით.
დოკუმენტი, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, ძალიან პრობლემურია. მე პირადად ძალიან ვწუხვარ, რომ საერთოდ აქამდე მივიდა მდგომარეობა და იმის ნაცვლად, რომ გაგრძელდეს და გაღრმავდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტაბებთან, სტრატეგიული პარტნიორობა არის შეჩერებული და ჩვენ ვსაუბრობთ სასანქციო ტიპის დოკუმენტზე“, – განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
გიორგი მელაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ თავი მოგვაჩვენოს, რომ არის მონოლითი, მაგრამ სინამდვილეში „მყიფე კოლოსია“
“ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მოგვაჩვენოს თავი, რომ არის მონოლითი, რკინა-ბეტონის, მაგრამ სინამდვილეში ძალიან მყიფე კოლოსია. მათთვის ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ ყოფილიყო აბსოლუტურად კეთილგანწყობილი „ქართული ოცნების“ მიმართ, შეეცვალა აშშ-ის პოლიტიკა, მაგრამ ეს არ მომხდარა, მოხდა პირიქით“, – განაცხადა გიორგი მელაშვილმა.
