გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრის დროსაც უკრაინაში შექმნილი ვითარება განიხილეს, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.
მთავრობის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ლიდერებმა განაცხადეს, რომ აუცილებელია რუსეთი 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას დასთანხმდეს.
„ლიდერებმა განიხილეს რუსეთის მიერ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების აღების აუცილებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. პრემიერ-მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინამ დაამტკიცა, რომ მზადაა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს და მშვიდობის მხარეა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ მაკრონმა და სტარმერმა ასევე ისაუბრეს გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის მომავალი სამიტისა და მომდევნო კვირებში დაგეგმილი ევროკავშირ-ბრიტანეთის სამიტის შესახებ.
