საზოგადოებრივ მაუწყებელს „რეალური სივრცის“ გუნდიც ტოვებს

„რეალური სივრცის“ სარედაქციო გუნდი უარს ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის შეთავაზებაზე, გადაცემის დახურვის შემდეგ მაუწყებლის სხვადასხვა არხებსა და გადაცემებში გადანაწილდნენ.
„რეალური სივრცის“ სარედაქციო გუნდის განცხადება პრესკონფერენციაზე თამარ მშვენიერაძემ წაიკითხა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის სურვილია, დაშალოს „რეალური სივრცის“ გუნდი და საკუთარი გადაწყვეტილებით გაანაწილოს მაუწყებლის სხვადასხვა არხსა თუ გადაცემაზე. ჩვენ შემოგვთავაზეს, მუშაობა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს დილის გადაცემაში, ვებზე, პრომოუშენის დეპარტამენტში, მუსიკალურ გადაცემაში. ჩვენ არ ვაკნინებთ მაუწყებლის არცერთ შემოქმედებით რედაქციას ან გადაცემას, მაგრამ აშკარაა მენეჯმენტის განზრახვა, გუნდი დანაწევრდეს და მისმა ვერცერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს; არ აკეთოს გადაცემა, რომელიც ახლა განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოებას და რომელიც პირდაპირ პასუხობს საზმაუს მთავარ ფუნქციას, ისმოდეს საზოგადოების ხმა. მენეჯმენტის გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი იმ სივრცის დახურვას, რომელიც თქვენთვის შევქმენით. ამიტომ, ჩვენ უარს ვამბობთ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ უარი ნიშნავს ჩვენთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას. ამიტომ დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, საზოგადოებრივ მაუწყებლის დღევანდელმა მენეჯმენტმა, დახურა 12-წლიანი ისტორიის გადაცემა რეალური სივრცე და უკანონო გაუშვა მისი წამყვანი ნინო ზაუტაშვილი“, — ნათქვამია „რეალური სივრცის“ სარედაქციო გუნდის განცხადებაში.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცე“ დახურა, სარედაქციო გუნდს კი სხვადასხვა არხსა თუ გადაცემის საწარმოო გუნდში განაწილება შესთავაზა. მანამდე, 11 აპრილს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არხიდან გაათავისუფლა გადაცემის წამყვანი ნინო ზაუტაშვილი.
გარეკანის ფოტო: მედიაჩექერი