გიორგი მიქაუტაძე „იუვენტუსისთვის“ ვიქტორ ოსიმენის ერთ-ერთი ალტერნატივაა – „ტუტოსპორტი“

მიუხედავად იმისა, რომ „იუვენტუსს“ ზაფხულში „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენის შეძენა აქვს გეგმაში, ტურინული კლუბი მომავალი სატრანსფერო ფანჯრის წინ ალტერნატიულ ვარიანტებსაც განიხილავს. ერთ-ერთი ასეთი კანდიდატი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძეა, – ინფორმაციას იტალიური გამოცემა „ტუტოსპორტი“ ავრცელებს.
„ტურინის „იუვენტუსი“ 2024/25 წლების სეზონის ბოლოს შეტევის ხაზის გაძლიერებას გეგმავს, რადგან გუნდს, სავარაუდოდ, დუშან ვლაჰოვიჩი და რანდალ კოლო მუანი დატოვებენ. ტურინელთა პირველი არჩევანი „ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიკტორ ოსიმენია, რომელიც ამჟამად იჯარით „გალათასარაიში“ თამაშობს.
თუმცა, ნეაპოლელები ნიგერიელი ფეხბურთელის ტრანსფერს 75 მილიონ ევროდ აფასებენ. მოთამაშის დამატებას ერთდროულად ცდილობენ როგორც ევროპული, ისე – აზიური კლუბები, რის გამოც „იუვენტუსს“, შესაძლოა, სხვა ვარიანტის არჩევა მოუწიოს.
პოტენციურ კანდიდატებს შორის არიან მატეო რეტეგი („ატალანტა“), ლიამ დელაპი („იფსვიჩ თაუნი“), ვიქტორ ბონიფეისი („ბაიერ ლევერკუზენი“), ლოის ოპენდა („ლაიფციგი“), არნო კალიმუენდო („რენი“) და გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“).
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე, შესაძლოა, „იუვენტუსის“ ალტერნატიული ვარიანტი გახდეს. 24 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი ტრანსფერის განხორციელება 25 მილიონ ევროდაა შესაძლებელი“, – წერს გამოცემა.
1tv.ge