ფაქტია, რომ ქვეყანა უარესობისკენ მიდის, დემოკრატიული უკუსვლა ცხადად ჩანს, რადგან არაერთი ნაბიჯი გადაიდგა როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე პრაქტიკაში, რომ სხვადასხვა ჯგუფის უფლებები შეზღუდულიყო. ჯგუფები, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ამ ნაბიჯებს და ასევე, პარტნიორების მიერ დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა – ეს ორი ფაქტორი იქონიებს საბოლოოდ გავლენას მიმდინარე პროცესებზე,- ამის შესახებ ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ნატროშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
ლევან ნატროშვილის შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის შედეგი, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ შეაკავებს მოსახლეობა და ქვეყნის პარტნიორები „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.
„მიმდინარე პროცესებში ყველა ჯგუფის ჩართულობაა საჭირო და აქ პოლიტიკური ნაბიჯებიც იგულისხმება. როდესაც ახალ არჩევნებზეა საუბარი, პოლიტიკური პარტიები მზად უნდა იყვნენ, რადგან შესაძლებელია უცბად გადაწყდეს ახალი არჩევნების ჩატარება, რადგან საზოგადოებას მიაჩნია, რომ დღევანდელი კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა. ეს არის სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გადასარჩენად. ასევე ბევრი რამ არის შესაცვლელი საარჩევნო კანონმდებლობაშიც და ამ მიმართულებით შეჯერებული პოზიცია უნდა არსებობდეს, თუმცა ჯერჯერობით ამ მხრივ ნაბიჯი არ გადადგმულა და არ იდგმება“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ლევან ნატროშვილი ქვეყანაში მედიის გარშემო არსებულ ვითარებასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემო აღარ არსებობს.
„მზია ამაღლობელი საპატიმროშია, გამოძიებული არ არის ჟურნალისტზე არცერთი თავდასხმის შემთხვევა, არც 5 ივლისის საქმე, ჟურნალისტებისთვის ცუდი სამუშაო გარემოა და მათთვის მუშაობა უსაფრთხო აღარ არის. არადა, მედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს, გარკვეულწილად მოდარაჯის ფუნქცია აქვს და ხელისუფლებას მუდმივად ფორმაში ამყოფებს, რომ ძალაუფლება ბოროტად არ გამოიყენოს. ამიტომ არის მედია ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი მთავრობის მთავარი სამიზნე. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მედია მთავარი სამიზნეა „ქართული ოცნების“ მხრიდან. ასევე, მედიას ბევრი სირთულე აქვს, მაგალითად, ფინანსების ნაკლებობა, ქართულ მედიას ფინანსური პრობლემა ყოველთვის ჰქონდა, ახლა კი ხელისუფლების მხრიდან ფინანსური სახსრების გადაკეტვა ხდება, ასევე, მედიის მფლობელების წინააღმდეგ საქმეებია აღძრული“,- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
გარდა ამისა, ნატროშვილი პარტნიორების მხრიდან დაწესებულ სანქციებზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და დასანქცირებული მოსამართლეების განცხადებებსაც გამოეხმაურა.
„სასამართლო ხელისუფლებაც იმ გზავნილს იყენებს, თითქოს მათ პრობლემები არ აქვთ და ვიღაც მათ დაჩაგვრასა და ამ სისტემის ხელში ჩაგდებას ცდილობს, რაც აბსურდი და ტყუილია. როდესაც საუბარია კორუფციაზე, კითხვები არსებობს, თუ როგორ გამდიდრდნენ სასამართლო ხელისუფლების სათავეში მყოფი პირები. ისიც კორუფციაა, როცა სასამართლო ხელისუფლება ფაქტობრივად გარიგებულია პოლიტიკურ ხელისუფლებასთან. ის, რაც ხდება სასამართლოებში ადასტურებს, რომ სასამართლო პირდაპირ პოლიტიკურ იარაღადაა გამოყენებული. მოსამართლეები არ ცდილობენ, რომ საქმეები შეისწავლონ და აჯარიმებენ ადამიანებს, რომლებიც ტროტუარზე იდგნენ. ასევე ცრუ მოწმეები, სასამართლო არ ინტერესდება რეალურად იყო თუ არა ეს მოწმე ადგილზე. ეს ყველაფერი კი ერთი პროცესის ნაწილია, რომელშიც მონაწილეობენ და ამიტომ საყვედური, რომ ისინი სანქციებს არ იმსახურებენ, უსამართლობაა. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, მეტი სანქციაც წამოვიდეს, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, ქვეყნის შიგნით ჩვენი ბრძოლაც“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
