სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა საავადმყოფო დატოვა, თუმცა ჯერჯერობით კვლავ არ არის მკაფიო პასუხი შეკითხვაზე – ჩავა თუ არა ის 9 მაისს მოსკოვში, რის შესახებაც წინასწარ თანხმობა აქვს გაცხადებული.
„როდესაც გამოჯანმრთელდება, ის გამოვა საზოგადოების წინაშე. ერთი რაც შემიძლია ვთქვა, ვიცნობ რა მას, ის სიტყვის ადამიანია. მან პირობა დადო, რომ იქნება ის [მოსკოვში] და ვვარაუდობ, რომ ის თავის დაპირებას შეასრულებს. მაგრამ ამის შესახებ ზუსტად თქმა ახლა არ შემიძლია“, – განუცხადა პრემიერ-მინისტრის პირველმა მოადგილემ, სინიშა მალიმ RTS-ს. მან ასევე თქვა, რომ ვუჩიჩი თავს უკეთესად გრძნობს და შესაძლოა საზოგადოების წინაშე 2-3 დღეში წარსდგეს.
თუმცა, ამავე დროს, ვიცე-პრემიერი, ექიმებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ სერბეთის პრეზიდენტს დასვენება და რეაბილიტაცია ესაჭიროება და უახლოესი დღეების ყველა ღონისძიება გადადებულია. ექიმები აღნიშნავენ, რომ ვუჩიჩს გულის არეში ტკივილი და არტერიული წნევის მომატება აღენიშნებოდა. ვრცელდება ასევე ცნობები, რომ სერბეთის პრეზიდენტი, მსგავსი მიზეზით, ცუდად უკვე მეოთხედ გახდა, თუმცა ამ მდგომარეობას იგნორირებას უკეთებდა.
ოფიციალური ინფორმაციით, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი შეუძლოდ გახდა შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს და სამშობლოში დაბრუნებული, შაბათს, ბელგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში მოათავსეს.
სინიშა მალი ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ვუჩიჩი მიწვეული იყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ორგანიზებულ ვახშამზე და უნდა გამართულიყო ორი ქვეყნის ლიდერების არაფორმალური შეხვედრაც, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდნენ.
სერბეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ აშშ-ში ვიზიტის შემდეგ გაემგზავრებოდა მოსკოვში, რათა მონაწილეობა მიეღო ნაცისტური გერმანიის დამარცხების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. მისი სიტყვებია, რომ „არავითარ გარემოებაში“ არ გააუქმებდა ვიზიტს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები, უკრაინასთან ომის გამო, 9 მაისს, წითელ მოედანზე ყოფნას ეწინააღმდეგებიან. სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და როგორც მისი ხელისუფლება აცხადებს – ყველაფერს აკეთებს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
ჯერჯერობით ბოლომდე გაურკვეველია, ჩავა თუ არა მოსკოვში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, რომლის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებაც ვრცელდებოდა გარკვეული ცნობები. ბოლო პერიოდში მანაც არაერთი ღონისძიება გადადო. თუკი ფიცო მოსკოვში ჩავა, ის იქნება ევროკავშირის ერთადერთი სახელმწიფოს ხელმძღვანელი, რომელსაც, 9 მაისს, წითელ მოედანზე ნახავენ.
ფორუმი