მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ამერიკელმა მეწარმემ უორენ ბაფეტმა გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკა, რომელიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან იმპორტზე ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ტელეარხ CNBC-ი იუწყება.
ბაფეტმა, რომლის ქონებასაც Forbes 168.2 მილიარდ დოლარად აფასებს, ტრამპის ქმედებები დიდ შეცდომად შეაფასა.
„ვაჭრობა არ უნდა იყოს იარაღი“, – განაცხადა ბიზნესმენმა Berkshire Hathaway-ის ინვესტორებთან შეხვედრაზე, სადაც ის აღმასრულებელი დირექტორია.
მილიარდერმა ტარიფებს „ომის აქტი“ უწოდა. მისი აზრით, შეერთებულმა შტატებმა უნდა ეცადოს ვაჭრობას დანარჩენ მსოფლიოსთან და გააკეთოს ის, რაც „ყველაზე კარგად გამოსდის“. სხვა ქვეყნებმაც იგივე უნდა გააკეთონ.
„მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ რაც უფრო აყვავდება დანარჩენი მსოფლიო, მით უფრო აყვავებულები გავხდებით ჩვენც და უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს და თქვენი შვილებიც ერთ დღეს თავს კარგად იგრძნობენ“, – თქვა მეწარმემ.
ბაფეტის თქმით, პროტექციონისტულ პოლიტიკას შესაძლოა გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითი შედეგები მოჰყვეს შეერთებული შტატებისთვის.
„ჩემი აზრით, ეს დიდი შეცდომაა, როდესაც გყავს 7.5 მილიარდი ადამიანი, რომლებსაც დიდად არ მოსწონხარ და 300 მილიონი კი რატომღაც ყვირის იმაზე, თუ რამდენად კარგად გაართვეს თავი წარმატებას – არ მგონია, რომ ეს სწორი იყოს და არც გონივრული“, – დაასკვნა ბაფეტმა.
ცნობისთვის, უორენ ბაფეტი, Forbes-ის მონაცემებით, პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეხუთეა.
შეგახსენებთ, ტრამპის გადაწყვეტილებამ ტარიფების დაწესების შესახებ გლობალური ბაზრების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ანალიტიკოსებმა რეცესია და აშშ-ის მშპ-ს ზრდის შენელება იწინასწარმეტყველეს, ხოლო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ (WTO) მკვეთრად შეამცირა გლობალური ვაჭრობის პროგნოზი. კომპანიებმა აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას სატარიფო პოლიტიკის შერბილების მოთხოვნით მიმართვეს.
ტრამპის გადაწყვეტილება მილიარდერებმა და მისი საპრეზიდენტო კამპანიის მსხვილმა დონორებმა გააკრიტიკეს. მათ შორისაა, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი, პლანეტის უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, – წერს The Washington Post.
ამერიკული სამშენებლო მასალების საცალო ქსელის Home Depot-ის თანადამფუძნებელმა და რესპუბლიკური პარტიის დიდი ხნის დონორმა, კენ ლენგონმა განაცხადა, რომ ტარიფები ძალიან მაღალი და ნაადრევი იყო. აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის სატარიფო პოლიტიკა ასევე გააკრიტიკეს JPMorgan Chase-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯეიმი დაიმონმა, მილიარდერმა ბილ აკმანმა და სხვებმა.
