მერიამ სადგურის მოედანთან ნახანძრალი ტერიტორიის დასუფთავება დაიწყო

მერიის განცხადებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებმა, სადგურის მოედნის
მიმდებარედ, ხანძრის შედეგად დამწვარი ბაზრობის ტერიტორიის დასუფთავება და დაზიანებული კონსტრუქციების დემონტაჟი დაიწყეს.
სამუშაოებს მუნიციპალური ინსპექციის კონტრაქტორი კომპანია, შესაბამისი ნორმების დაცვით, განახორციელებს.
“ბაზრობის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის ვიცე-მერი , თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროს გოგი ჩიქოვანთან ერთად გაეცნო.
ადგილზე, ასევე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები.
თბილისის ვიცე-მერი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებსაც შეხვდა, რომელთაც გამოხატეს მადლიერება თბილისის მერიის მხრიდან ოპერატიული რეაგირების გამო.
აღინიშნა, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულთა საინიციატივო ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება, რათა დადგინდეს ზარალის მასშტაბი და თბილისის მერიამ რიგი დახმარების გაწევა შეძლოს დაზარალებულებისთვის”, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა მოვაჭრეების განცხადებით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომლის მიხედვითაც, ბაზრის გადაწვა კერძო ინტერესს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად, ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრე, ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრეებმა უცნობი პირი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დააფიქსირეს, რომელიც ტერიტორიას ფოტოს უღებდა.