საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე “ინტერპრესნიუსი“ ამერიკანისტს, გიორგი ლაბაძეს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, ჩვენ ურთიერთობის პრობლემა არასდროს მქონია, მაგრამ, ამჯერად თქვენთან დაკავშირება იმის გამო გადავწტვიტე, რომ სოციალურ ქსელში თქვენს მეტად აქტუალურ და საინტერესო სტატუსს წავაწყდი.
შესაძლოა, თქვენს სტატუსში აშშ–რუსეთის ურთიერთობების მომავალზე მსჯელობა ბევრს ზედმეტად გადაჭარბებულიც კი მოეჩვენოს, მაგრამ ეს თემა რომ არგუმენტებით სამსჯელო საკითხია, ფაქტია.
ასეა, თუნდაც იმიტომ რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასრულებაზე აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებები და ვაშინგტონის ზოგადი პოზიცია ერთმნიშვნელოვნად პრორუსული ბევრს მიაჩნია.
ტრამპის განცხადებით- „პუტინს ომის დასრულება უნდა“. არადა, ცხადზე უცხადესია, რომ პუტინს უკრაინა-რუსეთის ომის დასრულება კრემლის სცენარით უნდა. ამას რომ ტრამპიც ეთანხმება იქიდანაც ჩანს, რომ ტრამპი თავიდანვე ითხოვდა და ახლაც ითხოვს რუსეთისთვის იმ ტერიტორიების მიცემას, რაც ომის შედეგად უკრაინას წაგლიჯა, ასევე ითხოვს რომ უკრაინამ უარი თქვას ნატო-ში შესვლაზე და უარი თქვას დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებზე.
ამ თემაზე მსჯელობისას თქვენ წერთ – „მოსაზრება, რომ ამერიკაში კვლავ შეიცვლება რაღაც ისეთი მოხდეს, რაც ჩინეთზე დიდ საფრთხედ გამოიყვანს რუსეთს, უკვე არის ილუზია. როგორც ჩანს, მთავრობის და ტექ. გიგანტების აზრები მთავარი საგარეო მტრის იდენტიფიცირებისას ბოლომდე ემთხვევა.“
რა გაძლევთ იმის თქმის საშუალებას, რომ აშშ-ში არაფერი ისეთი არ მოხდება, რომ აშშ-მ თავის საფრთხედ ჩინეთზე მეტად რუსეთი მიიჩნიოს?
– ჩემი აზრით, ამის დანახვა არც ისე რთულია ყველა იმ დამკვირვებლისთვის, რომელიც თუნდაც ადმინისტრაციის პრეს რელიზებს ან ბრიფინგებს ადევნებს თვალს.
უკვე პოლიტიკის მკვლევრების უმეტესობისთვის ალბათ ნათელია, თუ რამდენად დიდია ტრამპის ადმინისტრაციის ყურადღება ჩინეთისადმი და რამდენად განსხვავებულ სეგმენტებში ვლინდება ეს.
თქვენი კითხვის პასუხად, თუ რატომ არ შეიცვლება აღნიშნული მიდგომა უახლოეს მომავალში, იმის თქმა შეიძლება, რომ ჩინეთი არ აპირებს ამერიკის მიერ გამოცხადებულ სავაჭრო ომში წაგება აღიაროს ან რაიმე სერიოზულ დათმობებზე წავიდეს, ჯერჯერობით მაინც. ვფიქრობ ეს აფიქრებინებს ამერიკულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტას, რომ ჩინეთი ნამდვილად ისეთი დიდი საფრთხეა, როგორც ამას „რესპუბლიკელები“ უკვე წლებია საუბრობენ და საჭიროა მისი დასუსტება.
ჩინეთი არ აპირებს ამერიკის მიერ გამოცხადებულ სავაჭრო ომში წაგება აღიაროს ან რაიმე სერიოზულ დათმობებზე წავიდეს, ჯერჯერობით მაინც. ვფიქრობ ეს აფიქრებინებს ამერიკულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტას, რომ ჩინეთი ნამდვილად ისეთი დიდი საფრთხეა, როგორც ამას „რესპუბლიკელები“ უკვე წლებია საუბრობენ და საჭიროა მისი დასუსტება
ამასთან უნდა დავაკვირდეთ, რომ სავაჭრო ომმა თავად ამერიკაც კი ერთგვარად მოწყვლადად და ჩინეთზე დამოკიდებულად წარმოაჩინა რიგი მიმართულებებით, რაც, ამერიკელების შეხედულებით სრული კატასტროფაა. ისინი აქამდე ვერც კი გრძნობდნენ იმ ხიფათს, რაც ჩინურ ბაზარზე მიბმას შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
მიმაჩნია, რომ თუ შეერთებული შტატების საზოგადოება ჩინეთს ნამდვილად შეაფასებს, როგორც ძირითად საფრთხედ, რაც ვფიქრობ უკვე მოხდა კიდეც, იგი ერთგვარად მობილიზება მის დასათრგუნად. მაგალითად, დათანხმდება გარკვეული პროდუქტების შედარებით მომატებულ ფასად შეძენას, თავისი ეროვნული უსაფრთხოების მიზნების გამო. ასეთი სამოქალაქო შეგნება ამერიკულ საზოგადოებას ახასიათებს, რაც, როგორც მსოფლიო და „ცივი ომების,“ ისე 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ ნათლად გამოვლინდა.
ახლა წარმოიდგინეთ ამ პირობებში როგორ გამოიყურება რუსეთი მათ თვალში და რა საფრთხის შექმნა შეუძლია მას ამერიკისთვის? თუ ბირთვული ომის სცენარს არ განვიხილავთ, რუსეთს ამერიკისთვის არავითარი ზიანის მიყენება არც სამხედრო და არც ეკონომიკური თვალსაზრისით არ შეუძლია. რუსული რესურსებით ვაჭრობა აშშ-ში ფაქტობრივად შეწყდა, ხოლო არსებული სავაჭრო ბრუნვა სულ რამდენიმე მილიარდია, რაც ზღვაში წვეთია ამერიკის ეკონომიკისთვის. ამასთან, რუსეთი თავის მიწის წიაღში არსებულ რესურსებსაც კი ვერ ამუშავებს, რადგან ამისთვის შესაფერისი ტექნოლოგიები არ აქვს.
თუ ბირთვული ომის სცენარს არ განვიხილავთ, რუსეთს ამერიკისთვის არავითარი ზიანის მიყენება არც სამხედრო და არც ეკონომიკური თვალსაზრისით არ შეუძლია. რუსული რესურსებით ვაჭრობა აშშ-ში ფაქტობრივად შეწყდა, ხოლო არსებული სავაჭრო ბრუნვა სულ რამდენიმე მილიარდია, რაც ზღვაში წვეთია ამერიკის ეკონომიკისთვის. ამასთან, რუსეთი თავის მიწის წიაღში არსებულ რესურსებსაც კი ვერ ამუშავებს, რადგან ამისთვის შესაფერისი ტექნოლოგიები არ აქვს
როდესაც ჩვენ რუსეთის შეფასებას ვცდილობთ, მას სენსიტიურად ვუყურებთ ჩვენთან დაკავშირებული ხიფათის გამო, რადგან ჩვენი ქვეყანა ზედმეტად სუსტი და მოწყვლადია.
შეერთებული შტატებისთვის კი, რუსეთი ცალსახად არის კონკურენტი ევრაზიაში, თუმცა, უშუალო საფრთხის მიყენება, ჩინეთთან შედარებით ბევრად ნაკლებად შეუძლია.
თუ გადავხედავთ რა დონის ტექნოლოგიური გარღვევა აქვს ჩინეთს, სწორედ ამერიკული პატენტების მეშვეობით და რამდენად ცდილობს სამხედრო ხარჯების ზრდას, მივხვდებით, რომ ამერიკის პრიორიტეტებში ჩინეთი ნომერ პირველი ამოცანა ლოგიკურად არის, რაც, მე მგონი ახლო წლებში ნაკლებ მოსალოდნელია რომ შეიცვალოს.
ამერიკის პრიორიტეტებში ჩინეთი ნომერ პირველი ამოცანა ლოგიკურად არის, რაც, მე მგონი ახლო წლებში ნაკლებ მოსალოდნელია რომ შეიცვალოს
– საერთაშორისო პოლიტიკის არა ერთი სერიოზული ანალიტიკოსი შენიშნავს, რომ ტრამპი ცდილობს ჩინეთს, მის ყველაზე სერიოზულ კონკურენტს ბევრი თვალსაზრისით რუსეთი ჩამოაშოროს.
მეტიც, რაც შეიძლება მალე დაასრულოს ომი უკრაინაში, და რუსეთთან ერთად ერთად დაიწყოს მსოფლიო ეკონომიკის რუსული რესურსებით გადაფორმატება. ეს კი ნიშნავს აშშ-ს მიერ უკრაინაში დაწყებული აგრესიის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციების გაუქმებას. აშშ-რუსეთს შორის ეკონომიკური კავშირები არც ისე დიდი, მაგრამ ევროპა-რუსეთის სავაჭრო სალდო უკრაინაში ომის დაწყებამდე საკმაოდ დიდი იყო.
უფრო სწორად ევროპა ენერგეტიკულად მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. რუსეთთან მიმართებაში ევროპის წამყვანი ქვეყნების პოზიციებს ჩვენ კიდევ შევეხებით.
მანამდე, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობების თემას და მინდა შევეხო. ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო უკრაინაში, ჩინეთმა ბევრი იღვაწა რომ რუსული ეკონომიკა არ ჩამოშლილიყო, ეგ კი არა სამხრეთ კორეული სამხედრო ძალებიც კი დაახმარა. საერთოდ, რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ისე ღრმაა, ძნელი წარმოსადგენია აშშ-მ შეძლოს ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს ქვეყნები ყოველ წლიურად ატარებენ ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ზღვაზე, ეკონომიკური დამოკიდებულება და ურთიერთდამოკიდებულება ისეთი მაღალია, როგორც არასდროს. ყველაფერი ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება ტრამპის არა რეალიზებადი გეგმებია.
თუ ყველა გათვლით ჩინეთისაგან რუსების ჩამოშორება ილუზორულადაც კი გამოიყურება, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ტრამპისთვის ამ ჩანაფიქრის განხორციელება იდეა-ფიქსადაა ქცეული?
– ვფიქრობ, სწორედ ზემოთ ნახსენები ჩინეთის მზარდი საფრთხე. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ დღეის მდგომარეობით ჩინეთი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში ალბათ არაფრით ჩამოუვარდება ამერიკელებს. ყოველ შემთხვევაში ამ უკანასკნელთა აზრით, ჩინეთის სვლა ამ მიმართულებით საფრთხეების შემცველია.
დღეის მდგომარეობით ჩინეთი უკვე იმყოფება იმდროინდელი საბჭოთა კავშირის, ხოლო რუსეთი, იმდროინდელი, ჩამორჩენილი და ეკონომიკურად ღარიბი ჩინეთის როლში
თუმცა არა მხოლოდ ეს, ჩინეთი ტექნოლოგიების სხვა არაერთ სფეროშია ძალიან განვითარებული. გავიხსენოთ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული 145%-იანი ტარიფები, რომელთა ნაწილი, უფრო ზუსტად სმარტფონებთან დაკავშირებით, მათ ერთ კვირაში დაწიეს. ეს ნიშნავს, ამ მიმართულებით ჩინეთი ტექნოლოგიურად საკმაოდ შორს წავიდა და ამაზე დამატებული შედარებით იაფი მუშა ხელი, ამერიკელ მომხმარებელს საკმაოდ დიდ კომფორტს სთავაზობს.
გამოდის, საჭიროების შემთხვევაში ჩინეთს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია ამერიკული საზოგადოებისთვის, რასაც, ეკონომიკის ნაწილში, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, რუსებზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ამასთან, ჩვენ უნდა ვეცადოთ ისტორიული პარალელის გავლებასაც. უკვე არაერთმა მიმომხილველმა შეადარა ტრამპის ეს მიდგომა რიჩარდ ნიქსონისა და ჰენრი კისინჯერის მიერ სსრკ-გან ჩინეთის გამოთიშვას, რის შემდეგაც, საბოლოოდ გაუმარტივა საბჭოთა კავშირის დამარცხება.
რაც შეეხება ამერიკასთან რუსეთის შეკვრას, ეს ალბათ მაინც ილუზორულია ამ ორ ქვეყანას შორის უამრავი დაპირისპირების წერტილით
ჩემი აზრით, დღეის მდგომარეობით ჩინეთი უკვე იმყოფება იმდროინდელი საბჭოთა კავშირის, ხოლო რუსეთი, იმდროინდელი, ჩამორჩენილი და ეკონომიკურად ღარიბი ჩინეთის როლში. თუკი ნიქსონის პერიოდში სისულელე იქნებოდა ჩინეთის მთავარ მეტოქედ განხილვა და ისრების მისკენ მიმართვა, ალბათ დღესაც ანალოგიურად, შედარებით აზრს მოკლებულია რუსეთის, როგორც ძირითად მოწინააღმდეგედ შეფასება.
როგორც ჩანს, ტრამპის ადმინისტრაცია, ნიქსონის მსგავსად რუსეთის და ჩინეთის ერთობას უკვე გადაჭარბებულ საფრთხედ მიიჩნევს და უფრო სუსტისთვის კოჭის გაგორებით და გამოთიშვით, ცდილობს მოერიოს უფრო ძლიერს.
– თქვენ თქვენს სტატუსში საუბრობთ იმაზე, რომ „ჩინეთი – თავხედობს“, თან იმდენადაც კი, რომ ამერიკის საზოგადოებაში ანტიჩინური განწყობები გაჩნდეს. თან დაახლოებით ისეთი, როგორც „ცივი ომის“ დასრულებამდე აშშ-ში ანტისაბჭოთა განწყობები იყო“.
ფაქტი ისაა, რომ ჩინეთის ეკონომიკა უკვე თუ არ გაუსწრო აშშ-ს ეკონომიკას, ცოტა რამეში თუ ჩამორჩება მას. ეს „თავხედობა“ კი არა, საერთაშორისო ბაზრებზე ჩინური ეკონომიკის დომინაციის მცდელობას უფრო ჰგავს. მსოფლიოში „თავისუფალი ვაჭრობის“ დამკვიდრების ინიციატორი თავის დროზე აშშ იყო.
როცა აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ამბობს – „აშშ-ს 33 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის ვალი აქვს და ამხელა ვალით არ შეუძლია ევროპის უსაფრთხოების სუბსიდირება“, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამ 33 ტრილიონიანი ვალიდან აშშ-ს ჩინეთის ვალი წილი საკმაოდ დიდია. გარდა ამისა, პეკინს დაგროვილი აქვს თუ სწორად მახსოვს 17 თუ 18 ტრილიონი აშშ დოლარი. თუ ამას იმასაც დავამატებთ, რომ იაპონიას აქვს აშშ-ს ფასიანი ქაღალდები ძალიან ბევრი შეძენილი, აშშ მართლაც კარგ მდგომარეობაში არ უნდა იყოს.
გარდა ამისა, თუ აშშ-მ უკრაინასთან მიმართებაში საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი – ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის პრეცედენტი დაუშვა, კაცმა არ იცის 80-მდე კონფლიქტის ზონებში რა პროცესები დაიწყება. ამის კარგი მაგალითია პაკისტანსა და ჩინეთის საზღვარზე ურთიერთობები გამწვავება.
თუ ჩინეთი კი არ თავხედობს, არამედ საერთაშორისო ბაზარზე ამერიკული წესებით მოქმედებს, იმ შემთხვევაში თუ აშშ რუსეთს „შეეკრა,“ კიდევ საკითხავია ამერიკას რა უნდა უფრო აშინებდეს ლამის მთელ მსოფლიოში ანტიამერიკული განწყობების თუ აშშ-ში ანტიჩინური განწყობების?
– აქ ასე მარტივად არ არის საქმე. რეალურად, ჩინეთისა და ამერიკის სავაჭრო ურთიერთობები ტრამპის მოსვლამდე სულაც არ იმყოფებოდა თანაბარ მდგომარეობაში.
მაგალითად, ჩინეთი ამერიკულ მანქანებს საკმაოდ მიუღებელი და ისეთი ტარიფებით ბეგრავდა, რის შემდეგაც, ჩინეთის საშუალო კლასისთვის ამერიკული ავტომობილები მისაღები არჩევანი არ იყო. ამის გარდა, ჩინეთი ბევრი მიმართულებით ადგენს დემპინგურ ფასებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ბაზარზე, რაც ხელოვნურად აგდებს ჩინური პროდუქციის ფასს და ამასობაში ამერიკულ ან სხვა პროდუქციას ურთულებს ამ ბაზრების ათვისებას.
როგორც „მინერალების შეთანხმებამ“ გვაჩვენა, ამერიკის ინტერესი უკრაინის მიმართ უკვე საკმაოდ გამოკვეთილია
ამასთან, რიგ სექტორებში ჩინეთი აწარმოებს იმაზე მეტ პროდუქტს, ვიდრე მსოფლიო ბაზრის საერთო მიწოდებისთვის არის საჭირო. ამაში, ჩინეთის მთავრობა, ანუ კომუნისტური პარტიაა ჩართული, თორემ ბიზნესი არასდროს დაამზადებს იმდენს, რომ მისი ბოლომდე გასაღება ვერ შეძლოს.
ეს ნიშნავს, რომ მთავრობაა დაინტერესებული მსოფლიო ბაზრის დატბორვით, რასაც შედეგად ამერიკული სავაჭრო დომინაციის დათრგუნვა უნდა მოჰყოლოდა და მოჰყვა კიდეც. მართალია, ამას შეიძლება ეკონომიკური დომინაციის მცდელობა დავარქვათ, მაგრამ აშკარად არაჯანსაღი და ამერიკისთვის მიუღებელი ფორმებით.
საქართველოს თუკი რაიმე გამოარჩევს დღეის მდგომარეობით, რაც მისი სუვერენიტეტის გადარჩენის წინაპირობა შეიძლება იყოს, ეს არის დერეფნების საკითხი
რაც შეეხება ამერიკასთან რუსეთის შეკვრას, ეს ალბათ მაინც ილუზორულია ამ ორ ქვეყანას შორის უამრავი დაპირისპირების წერტილით. შესაძლოა, ტრამპის ადმინისტრაცია დათანხმდეს რუსეთისთვის არახელსაყრელი სასანქციო პირობების გაუქმებას ან/და რუსული რესურსების ათვისებას, ჩინეთთან ურთიერთობების განელების სანაცვლოდ. არ დაგვავიწყდეს კოვიდის შემდეგ რეკორდულად დაბალი ნავთობის ფასიც, რაც რუსეთის ბიუჯეტს ძალიან აზარალებს.
იქ ალბათ კიდევ სხვადასხვა ნიუანსებია, ბევრის აზრით, მათ შორის უკრაინის ინტერესების დათმობა, თუმცა, საბედნიეროდ, როგორც „მინერალების შეთანხმებამ“ გვაჩვენა, ამერიკის ინტერესი უკრაინის მიმართ უკვე საკმაოდ გამოკვეთილია.
– თქვენ თქვენს სტატუსში ამბობთ – ვითარებაში, როცა აშშ-ს ზეწოლა რუსეთზე მცირდება, ნატოს გაფართოება ილუზიაა“.
დიახ ასე ნამდვილად, რადგან აშშ ახლა ნატოს არა თუ გაფართოებაზე, „აშშ უარს ამბობს ევროპის უსაფრთხოების სუბსიდირებაზე“.
ფაქტია, მას შემდეგ რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა უარი თქვა უკრაინის ომის სამართლიანად, ანუ საერთაშორისო სამართლის ნორმებით დამთავრებისთვის შეეწყო ხელი, რეალურად ჩამოშლილია უსაფრთხოების საერთაშორისო სისტემა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი უნდა შეიქმნას. ამ თვალსაზრისით, ვხედავთ, რომ ევროპაში ახლა აქტიურად არა მხოლოდ საუბრობენ გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებსაც დგამენ.
ამ თემაზე თქვენ ამბობთ – „ეს ქმნის ქართველი ხალხისთვის დილემას, რა შესაძლოა, საუკუნეში ერთხელ ხდება“.
ვითარებაში როცა „ქართული ოცნების“ ლიდერების რიტორიკა მკაფიოდ ანტიევროპულია, იმედს იმაზე ამყარებს, რომ ტრამპი ჯერ აშშ-ი დაამარცხებს დიფ სტეიტს, ხოლო შემდეგ ევროპაში, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც აცხადებს რომ იგი ქვეყანას 2030 წელს ევროკავშირში შეიყვანს.
ამ თემაზე კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ, ახლა ისევე რიტორიკულად დავსვამ კითხვას როგორ თქვენ დასვით თავის სტატუსში და იმედი მაქვს, შეეცდებით მასზე პასუხის გაცემას – „როცა ნათელია, რომ აშშ რუსეთთან ურთიერთობებში დათმობების პროცესზეა გადასული რათა ჩინეთი დააბალანსოს, როგორ რჩება საქართველო დასავლეთის კონტექსტში“?
– საქართველოს თუკი რაიმე გამოარჩევს დღეის მდგომარეობით, რაც მისი სუვერენიტეტის გადარჩენის წინაპირობა შეიძლება იყოს, ეს არის დერეფნების საკითხი. მოგვეხსენება, რომ ჩვენგან სამხრეთით ვითარება იმდენად არის დაძაბული, ეკონომიკური მოთამაშეებისთვის ძალიან არასანდოა მასზე ფსონის დადება.
აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის მოშლას სტრატეგიული მიზნების გამო არ დაუშვებს, თუ რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიტყვით ამ უკანასკნელზე უარს
ჩრდილოეთით ვიცით რაც ხდება. ამიტომ, შუა აზიის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად და ასევე, სამომავლოდ ამერიკის მიერ ინდოეთზე გადაწყობის კონტექსტიდან გამომდინარე, საქართველოზე გამავალი სავაჭრო დერეფანი, ერთ-ერთ ძირითად არტერიად შეიძლება იქცეს. ამ პროცესში, საქართველო ტრამპში დიფ სტეიტს კი არ უნდა ეძებდეს, უნდა ცდილობდეს, როგორ მოერგოს ამ ახალ შესაძლებლობებს რადგან, ეს ჩვენი დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გადამწყვეტი იმედია.
შეერთებულ შტატებს არ სურს საქართველოს ტერიტორიის რუსეთის ხელში გადასვლა, მასთან შეერთება და აქ კვლავ უკონტროლო ბანდების გაძლიერება.
მის ინტერესშია ევროპამ შეძლოს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაცია და შედარებით სტაბილური სავაჭრო გზების მოძიება. ამასთან, ამერიკული კორპორაციების მიერ ჩინეთში, ინდოეთსა და შორეული აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოებში დამზადებული პროდუქტების ევროპამდე მიტანა. სწორედ აქ არის საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი ელემენტის დანიშნულება. ჩემი აზრით, აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის მოშლას სტრატეგიული მიზნების გამო არ დაუშვებს, თუ რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიტყვით ამ უკანასკნელზე უარს.
თუ საქართველო უარს იტყვის ამ ყველაფერში მონაწილეობაზე, ეს ჩვენი გლობალური ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმას გაუტოლდება, რაც შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს
ამდენად, შეიძლება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს გარკვეული დოზით ძალაუფლების დათმობის შიში ჰქონდეთ, მაგრამ, ქვეყნისთვის ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობა ისეთი შეცდომაა, რომელიც დანაშაულში გადაიზრდება. თუ საქართველო უარს იტყვის ამ ყველაფერში მონაწილეობაზე, ეს ჩვენი გლობალური ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმას გაუტოლდება, რაც შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს.
საქართველოს მმართველი წრეების შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ვერ გათვალეს ამერიკის უარყოფითი რეაქციები, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებაზე. ტრამპის პერიოდში რომ „ქართული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა, უპირველესად სწორედ მათი ჩინეთთან დაახლოების ბრალია
– ამ თემის გაგრძელება უნდა იყოს იმაზე ყურადღების გამახვილება, რომ საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ჩინეთთან 2022 წელს გააფორმა. ხელისუფლების წარმომადგენლები პრაქტიკულად საუბრობენ იმაზე, რომ ანაკლიის პორტს ჩინელები ააშენებენ.
შესაძლოა, ვცდებოდე, მაგრამ როცა ანაკლიის პორტის ჩინელებისთვის გადაცემის თემაზე დაიწყო საუბარი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩინეთი საქართველოში არა მხოლოდ თავისი ინტერესით ხელმძღვანელობდა.
თუ ვაშინგტონი რუსეთს იმისთვის ეკვრება, რომ ჩინეთი უნდა შეავიწროოს, თუ ასე მოხდა, არაა გამორიცხული ანაკლიის პორტის ერთ-ერთი დიდი ბენეფიციარი ისევ რუსეთი იყოს და არა საქართველო.
თუ ტრამპის ამერიკა ჩინეთის შესავიწროებლად რუსეთს „ეკვრება“, აშშ-ს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება შეჩერებული აქვს, ჩინეთთან კი გაფორმებული და აქტიურად მოქმედებს, ფაქტია, ასეთ ვითარებაში სრულიად გაუგებარია არა მხოლოდ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, არამედ საერთოდ, პარტნიორებთან, ანუ ვაშინგტონთან და პეკინთან ურთიერთობები სავარაუდოდ როგორი იქნება.
ასეთ ვითარებაში სავარაუდოდ, როგორი იქნება თბილისის ურთიერთობები ვაშინგტონთან, ან პეკინთან?
– ამ ვითარებაში საქართველოს მმართველი წრეების შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ მათ ვერ გათვალეს ამერიკის უარყოფითი რეაქციები, ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებაზე. ტრამპის პერიოდში რომ „ქართული ოცნების“ მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა, უპირველესად სწორედ მათი ჩინეთთან დაახლოების ბრალია.
დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონში გაოგნებული უყურებენ არა მხოლოდ ანაკლიის პროექტის ამბავს, არამედ მემორანდუმს ქართულ-ჩინურ ბანკებს შორის, საჯარო სკოლებში მეორე ენად ჩინურის დანერგვასა და სხვა
დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონში გაოგნებული უყურებენ არამხოლოდ ანაკლიის პროექტის ამბავს, არამედ მემორანდუმს ქართულ-ჩინურ ბანკებს შორის, საჯარო სკოლებში მეორე ენად ჩინურის დანერგვასა და სხვა.
ალბათ იტყვით, თუ რა წინააღმდეგობა უნდა გვქონდეს ახალი ენის შესწავლასთან, თუმცა, აქ აშკარა იყო მწვავე სავაჭრო და ლამის ცივ ომში, ჩინეთის, როგორც პოლიტიკური მხარის არჩევის ფაქტი. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლას მე პირველ რიგში ჩინური კონტექსტის გამო ველოდები და არა რუსული.
არ ვფიქრობ რუსულ-ამერიკული ურთიერთობის ისეთ გადალაგებას, რომ შეერთებული შტატების გაცხადებული პრიორიტეტები რადიკალურად შეიცვალოს. ამიტომ, დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩვენი ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას საფრთხე არ ემუქრება
რუსეთი რომ საქართველოში იყო, არის და რაღაც დოზით ყოველთვის იქნება, ამას მხოლოდ ზედმეტად მიამიტები არ აღიარებენ. სამწუხაროდ, ეს ჩვენი რეგიონის მოცემულობაა, რაზეც, ამერიკელებს ძალიან კარგად მოეხსენებათ.
– როცა აშშ-რუსეთის დაახლოების შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ აუვლით საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს თემას. მხედველობაში მაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. ანუ, თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები.
ვხედავთ, რომ მოსკოვი თბილისს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს, მაგრამ იქვე დასძენს, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების აღდგენა არანაირად არ შეეხება რუსეთის მიერ აღიარებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს, ანუ „მათი სტატუსის გადახედვა არც განიხილება“.
გაუგებარია რის საფუძველზე აცხადებს პრეზიდენტი ტრამპი, მაგრამ ფაქტია, რომ აცხადებს – „ვფიქრობ, პუტინს ომის შეჩერება სურს“ მისი სპეც წარმომადგენელი რუსეთთან მოლაპარაკებებში სტივ უოტკოფი ამბობს – „პუტინი რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გარდაქმნის შესაძლებლობას ხედავს“.
მიუხედავად იმისა, რომ გაუგებარია თუ როგორი ურთიერთობები ექნებათ აშშ-სა და რუსეთს, ჩვენთვის, აქტუალურია, როგორი პოზიცია ექნება ტრამპს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში.
თუმცა, აშშ-მ ისე უკანმოუხედავად დათმო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, პრაქტიკულად აიძულა კიევი დათმობებზე წასულიყო, ძნელი წარმოსადგენია ეს თემა საქართველოსთან მიმართებაში აქტუალური იყოს.
თუ აშშ და რუსეთი ისე დალაგდნენ, როგორც ეს ტრამპსა და პუტინს აქვთ წარმოდგენილი, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა პოზიციაზე ჩამოყალიბდებიან ვაშინგტონი და მოსკოვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში?
– კიდევ გავიმეორებ, რომ მე არ ვფიქრობ რუსულ-ამერიკული ურთიერთობის ისეთ გადალაგებას, რომ შეერთებული შტატების გაცხადებული პრიორიტეტები რადიკალურად შეიცვალოს. ამიტომ, დღევანდელი გადმოსახედიდან, ჩვენი ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას საფრთხე არ ემუქრება.
მეტიც, დღემდე მოქმედებს ტრამპის მიერ 2017 წელს ხელმოწერილი კანონი იმ ქვეყნებისთვის დახმარების მოხსნის შესახებ, ვინც აფხაზეთს ან სამხრეთ ოსეთს აღიარებს. გარდა ამისა, თუკი ამერიკას იმ პროექტების განხორციელება უნდა და სჭირდება, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, როგორ შეიძლება საქართველოს მოსახლეობის პროდასავლური ნაწილის ამ ფორმით გაღიზიანება?
ამერიკელებს კარგად მოეხსენებათ, რომ ასეთი ნაბიჯის შემთხვევაში, ქართველი ხალხი დიდწილად ხელს ჩაიქნევს დასავლეთისა და ამერიკის, როგორც საქართველოს ახლანდელი სუვერენიტეტის ქომაგის მიმართ.
ამდენად, ამ მხრივ ასეთ რადიკალურ და სახიფათო ცვლილებებს ვფიქრობ არ უნდა ველოდოთ, განსაკუთრებით 2 მაისს, ტრამპის მიერ უკრაინისთვის დამტკიცებული იარაღის ახალი პაკეტის შემდეგ.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი
