დაპირისპირებაა თბილისის საქალაქო სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოს იმ სხდომათა დარბაზში, სადაც პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული საბა სხვიტარიძის ძმის, თორნიკე სხვიტარიძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვა უნდა დაიწყებულიყო, დაპირისპირება იყო მხარეებს შორის. პროცესში ჩაერთო მანდატურის სამსახური.
თორნიკე სხვიტარიძეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის „მონის“ დაძახებას. ქავთარაძეს საბა სხვიტარიძის საქმეში დაზარალებულად არის ცნობილი – ბრალდებულს რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრება.
დამსწრე პირები გააღიზიანა სხდომათა დარბაზში პოლიციის თანამშრომლების შეშვებამ მაშინ, როცა მათ ამის უფლებას არ აძლევდნენ. ხალხის მასა მანდატურის თანამშრომლებს მიაწვა და ასე გადაინაცვლეს სხდომათა დარბაზისკენ.
დაპირისპირების დროს დაზიანდა სხდომათა დარბაზის ინფრასტრუქტურა – ტრიბუნა და დამსწრე პირებისთვის გამყოფი მოაჯირი.
დაპირისპირების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ სამმა თანამშრომელმა, ვის გამოც დამსწრეებმა პრეტენზია გამოხატეს, სხდომათა დარბაზი დატოვეს. მოსამართლემ სხდომის დიდ დარბაზში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.