მაიკ უოლცს გაერო-ში შემდეგ ელჩად წარვადგენ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობას მარკო რუბიო შეასრულებს სახელმწიფო დეპარტამენტში ძლიერი ხელმძღვანელობის პარალელურად – დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ მაიკ უოლცი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის თანამდებობას დატოვებს. ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ უოლცს „გაერო-ში აშშ-ის შემდეგ ელჩად წარადგენს“.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს.
„მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ მაიკ უოლცს წარვადგენ გაერო-ში შეერთებული შტატების შემდეგ ელჩად. სამხედრო სამსახურიდან დაწყებული, კონგრესში მუშაობისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციის ჩათვლით, მაიკ უოლცი მუდამ ბეჯითად მუშაობდა ჩვენი ერის ინტერესების დასაცავად. ვიცი, რომ იმავეს გააკეთებს თავის ახალ როლშიც. დროებით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოვალეობას სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო შეასრულებს, სახელმწიფო დეპარტამენტში მისი ძლიერი ხელმძღვანელობის პარალელურად. ერთად განვაგრძობთ დაუღალავ ბრძოლას, რათა ამერიკა და მსოფლიო კვლავ უსაფრთხო გავხადოთ. გმადლობთ ყურადღებისთვის!“ – წერს დონალდ ტრამპი.
