ევროკავშირი “გეგმა B”-ს ამზადებს, თუ აშშ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებს მიატოვებს და რუსეთთან დაახლოებას გადაწყვეტს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
“საკითხი იმაზეა, ენდომებათ თუ არა ამერიკელებს გასვლა. ვხედავთ ნიშნებს, რომ ისინი ფიქრობენ უნდა მიატოვონ თუ არა უკრაინა და ეცადონ თუ არა რუსეთთან შეთანხმების მიღწევას, ვინაიდან ეს რთულია,” – განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის შესანარჩუნებლად “გეგმა B” არსებობს თუ უნგრეთი ივლისში მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის ეკონომიკურ სანქციებს დაბლოკავს. თუმცა მან აღნიშნა, რომ ბრიუსელი ჯერ კიდევ ფოკუსირებულია იმაზე, რომ ყველა წევრი სახელმწიფო თანხვედრაში იყოს.
“ასევე “გეგმა B” არსებობს, მაგრამ “გეგმა A”-სთვის უნდა ვიმუშაოთ; ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, “გეგმა B”-ზე კონცენტრირდები და ეგ ხდება,” – განაცხადა კალასმა და აღნიშნა, რომ ასევე საუბრები მიმდინარეობს ვაშინგტონთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა დასავლური სასანქციო რეჟიმი ძალაში დარჩეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის ზოგიერთ დედაქალაქში საუბრები მიმდინარეობს, გაჰყვნენ თუ არა ტრამპის ადმინისტრაციას თუ ის უკრაინას მიატოვებს და რუსეთთან ურთიერთობებს გადატვირთავს.“ნათელია, რომ ასეთი საუბრები გარკვეულ წევრ სახელმწიფოებში მიმდინარეობს და შესაძლოა იმედებიც აქვთ, რომ რეალურად აღარ გვჭირდება [უკრაინის] მხარდაჭერა. მაგრამ ეს ასევე ყალბი იმედია, ვინაიდან თუ რუსეთს შეხედავთ, რომელიც თავისი მშპ-ის 9%-ის ინვესტირებას სამხედრო სფეროში ახდენს, მათ მისი გამოყენება კვლავ ენდომებათ,” – განაცხადა კალასმა.
