ჟურნალისტი და კინოკრიტიკოსი ეკატერინა ბარაბაში, რომელიც რუსული არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელების ბრალდებით ძებნილთა სიაში იმყოფებოდა, ახლა უსაფრთხოდ არის. ამის შესახებ მისმა ვაჟმა, იური ბარაბაშმა განაცხადა.
„ძვირფასო მეგობრებო, ეკატერინა ბარაბაში ცოცხალი და ჯანმრთელია. ის გულითად მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის და სიყვარულს უგზავნის. ამ ეტაპზე მას არ შეუძლია აღიდგინოს წვდომა თავის ანგარიშებზე, მაგრამ უახლოეს მომავალში აუცილებლად ყველას პირადად დაუკავშირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ახლა ყველა საფრთხე უკან დარჩა და ის ღორებს გადაურჩა“, – დაწერა მან ინგლისურად Facebook-ზე და პოსტს დედის ფოტოც დაურთო.
22 აპრილს რუსეთმა ძებნა გამოაცხადა ჟურნალისტსა და კინოკრიტიკოს ეკატერინა ბარაბაშზე, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
სასჯელაღსრულების სამსახურმა განაცხადა, რომ ბარაბაში სახლში ვეღარ იპოვეს – შინაპატიმრობის აღმკვეთი ღონისძიების დარღვევა ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მეშვეობით დაადგინეს.
მოსკოვის ოლქის პუშკინის საქალაქო სასამართლოს 21 აპრილს განჩინებით, ბარაბაშთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვალა.
ეკატერინა ბარაბაში წარმოშობით ხარკოვიდანაა, თუმცა მისი დაბადებისთანავე ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბარაბაში, ხანდაზმული მშობლების გამო, რუსეთში დარჩა, თუმცა ღიად აკრიტიკებდა კრემლის პოლიტიკას. ჟურნალისტი ფეისბუქ-პოსტების გამო, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით მიმდინარე წლის 25 თებერვალს დააკავეს.
აპრილის დასაწყისში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ბარაბაში „უცხოური აგენტების“ რეესტრში დაამატა.
