სოხუმში შესაძლოა სანქცირებულმა რუსულმა „აეროფლოტმაც“ იფრინოს

შესაძლოა ექვსამდე გაიზარდოს იმ რუსული ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთში იფრენენ,. მათ შორისაა ს უმსხვილესი ავიაკომპანია „აეროფლოტი“, რომელიც დასავლეთის სანქციების ქვეშაა.
მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის აეროპორტში პირველ რეისს „ЮВТ Аэро“ ხვალ, 1 მაისს შეასრულებს. 3 მაისიდან რეისები კვირაში ერთხელ – შაბათობით შესრულდება. 6 მაისიდან „Икар“-ი ნიჟნი ნოვგოროდიდან სოხუმის მიმართულებით კვირაში ერთხელ შეასრულებს რეისებს.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ საავიაციო ხელისუფლება დამატებით მუშაობს ავიაკომპანიების „Икар“-ის „Северный ветер“ -ის და «Аэрофлот“-ის მიერ რუსეთის რამდენიმე ქალაქიდან რეისების განხორციელებაზე.
მანამდე, „როსავიაციამ“ ავიაკომპანიებს iFly-სა და NordStar-ს მოსკოვიდან და კრასნოიარსკიდან ფრენების განხორციელების ნებართვა მისცა. iFly-ს მოსკოვიდან სოხუმში ფრენების კვირაში 14-ჯერ, NordStar-ს კი – კვირაში 7-ჯერ განხორციელების უფლება აქვს. გარდა ამისა, NordStar-მა კრასნოიარსკიდან სოხუმში კვირაში სამჯერ ფრენის ნებართვა მიიღო.
iFly-ი მოსკოვის შერემეტოვოს აეროპორტიდან სოხუმში რეისების განხორციელებას 30 მაისიდან 25 ოქტომბრამდე გეგმავს.
სოხუმიდან 18 კილომეტრში მდებარე აეროპორტი ს ომის დასრულების შემდეგ არ ფუნქციონირებს. საბჭოთა პერიოდში მისი ტერმინალი ზაფხულში დღეში 5 ათასამდე მგზავრს ემსახურებოდა. ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს შეუძლია თითქმის ყველა ტიპის სამოქალაქო თვითმფრინავის განთავსება, როგორც ზღვის, ასევე მთების მხრიდან.
მედიაში გამოქვეყნებული, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებით სოხუმის აეროპორტის ოპერირება უკანონოა და ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს ფრენებს აფხაზეთში, „დაარღვევს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ ჩიკაგოს კონვენციის ფუნდამენტურ და ძირითად პრინციპებს“. თბილისი აცხადებს, რომ საქართველო სარგებლობს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) „უპირობო მხარდაჭერით“.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ICAO-მ 2006 წლიდან გააუქმა აეროპორტის კოდი და დოკუმენტებიდან ამოიღო მის შესახებ ინფორმაცია.