რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველმა მოადგილემ სერგეი კირიენკომ და მის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტების თანამშრომლებმა სომხეთის თემის კურირებაც დაიწყეს, განუცხადეს გაზეთ „ვედომოსტის“ ფედერალური თანამდებობის ოთხმა პირმა და ადმინისტრაციის ორმა თანამშრომელმა.
გამოცემა იუწყება, რომ საქმიანობის ეს სფერო კრემლის შიდა პოლიტიკის ბლოკს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკისგან გადაეცა.
მანამდე კირიენკოს საგარეო პოლიტიკის სხვა სფეროების ზედამხედველობა დაავალეს. კერძოდ, ის და მისი გუნდი პასუხისმგებელნი არიან ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, ასევე მოლდოვასთან (მათ შორის დნესტრისპირეთთან, რომელიც ოფიციალურად არ არის აღიარებული მოსკოვის მიერ) ურთიერთქმედებაზე.
„ვედომოსტის“ ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე სომხეთთან დაკავშირებით იგეგმება საინფორმაციო და არა ელექტორალური სამუშაოების ჩატარება.
„ქვეყნის ხელმძღვანელობა სულ უფრო მეტად იხრება დასავლეთისკენ, რაც, რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის თვალსაზრისით, დაუშვებელია“, – მიიჩნევს გამოცემის ერთ-ერთი წყარო.
მისი თქმით, საუბარი იმაზე, რომ კირიენკო დსთ-ს სხვა ქვეყნებთან (სომხეთისა და მოლდოვას გარდა) დაკავშირებითაც დაინიშნოს კურატორად, ჯერ არ არის.
სხვა წყაროს თანახმად, კირიენკოს სომხეთში რუსეთის ინტერესების წინწასაწევად რბილი ძალის ინსტრუმენტების გამოყენების ამოცანა ექნება: „დაახლოებით ისევე იმუშავებენ, როგორც აფხაზეთში ბოლო არჩევნების დროს“.
გამოცემის თანამოსაუბრის ვარაუდით, შემდეგ არჩევნებს მაინც ნიკოლ ფაშინიანი მოიგებს, „თუმცა ახლა საქმე არა არჩევნებში, არამდე იქ რუსეთის ყოფნაშია“.
ბევრის აზრით, კირიენკო აფხაზეთის კურატორი, პირველ რიგში, აღმოსავლეთ უკრაინის ანექსიაში თანამონაწილეობის გამო გახდა. ჯერ კიდევ 2022 წელს, „მედუზა“ წერდა, რომ კირიენკომ ზუსტად იცოდა, თუ რა მესიჯები უნდა მიეტანა ოკუპირებული უკრაინის მოსახლეობისთვის და მისი ხედვა პუტინისას ემთხვეოდა. მას სურს აჩვენოს, რომ „რუსეთი დროებით არ მოსულა და აქ [აღმოსავლეთ უკრაინაში] დარჩენას აპირებს”, – წერდა „მედუზა“. კირიენკოსთან ერთად, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთთან მიერთების „რეფერენდუმს” (რომლის შედეგსაც მსოფლიოში თითქმის არცერთი ქვეყანა არ აღიარებს) პოლიტტექნოლოგების მთელი გუნდი ამზადებდა. გამოცემის თანახმად, კირიენკოს გუნდი ცდილობდა, შეეცვალა აფხაზეთში საზოგადოებრივი აზრი რუსეთის სასარგებლოდ. მთავარი აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის, ბადრა გუნბას არჩევით, აფხაზები დიდ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებდნენ. ამის საჩვენებლად გუნბა “არჩევნებამდე” არაერთ რუს მაღალჩინოსანს შეხვდა. 2 აპრილს ბადრა გუნბა ოფიციალურად შეუდგა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “პრეზიდენტის” მოვალეობის შესრულებას.
ვინ არის სერგეი კირიენკო?
1998 წელს 35 წლის კირიენკო რუსეთის მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა თავმჯდომარე გახდა.
2005 წლიდან 2016 წლამდე რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო კორპორაციის, „როსატომის” გენერალური დირექტორი იყო.
2017 წლიდან მუშაობს ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციაში.
2020 წელს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ ის აწ გარდაცვლილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსი ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობდა და ამის გამო დაასანქცირეს.
მოგვიანებით კირიენკოს სანქციები დაუწესეს ასევე აშშ-მა და იაპონიამ.
ფორუმი
