ცხინვალი – მოქალაქეს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ედება ბრალი

ცხინვალის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან თანამშრომლობაში ედება ბრალი.
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება პერიოდულად ავრცელებს ინფორმაციას საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით მოქალაქეების დაკავების შესახებ, რაც, ადგილობრივთა ნაწილის მოსაზრებით, მოსახლეობის დასაშინებლად და კონტროლის გამკაცრებისთვის გამოიყენება.
დე ფაქტო უსაფრთხოების კომიტეტის (კგბ) პრესსამსახურის ცნობით, “ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები, რომლის შედეგადაც 51 წლის მოქალაქის საქმიანობა შეწყდა, სამხრეთ ოსეთის კგბ-ს მიერ ს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურსა (ფსბ) და რესპუბლიკის საგარეო დაზვერვის სამსახურთან ერთად ჩატარდა”.
„ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ჯავის რაიონის მცხოვრები, სახელმწიფო საწარმოს თანამშრომელი, მტკიცე კავშირებს ინარჩუნებდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან და მათ გადასცემდა ინფორმაციას რესპუბლიკაში განლაგებულ რუსულ სამხედრო კონტინგენტებზე, მათ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში გადასროლასა და ასევე სამხრეთ ოსეთის შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაზე,“ — ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.
ბრალდებულის მიმართ, ოფიციალური ცნობითვე, 2025 წლის 21 აპრილს აღძრეს სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით (სახელმწიფო ღალატი) – ის დაკავებულია და მოთავსებულია წინასწარ დაკავების იზოლატორში.
„ბრალდებულმა აღიარა თავისი დანაშაული და აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან,“ — აღნიშნულია უწყების პრესსამსახურის განცხადებაში.
ცხინვალის ინფორმაციითვე, გამოძიებისა და ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამოავლინეს კიდევ ხუთი მოქალაქე, რომლებიც ქართულ მხარესთან კონტაქტობდნენ და მათ გადასცემდნენ ინფორმაციას არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე.
უწყების განცხადებით, აღნიშნულ ხუთ პირს, საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო, გამოუცხადეს ოფიციალური გაფრთხილება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით (სახელმწიფო ღალატი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის პირობების შექმნის დაუშვებლობის შესახებ.
ოსური მხარე აცხადებს, რომ “სამხრეთ ოსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც დროულად შეატყობინებენ უსაფრთხოების ორგანოებს უცხო სახელმწიფოების სპეცსამსახურებთან კავშირების შესახებ და მათი ქმედება არ აზიანებს ქვეყნის უსაფრთხოებას, გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან”.

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება