ახლა, ადგილობრივ ბაზარზე ცხვარი ₾12 ღირს, ხოლო საერთაშორისო ბაზარზე $4.30-ად გავყიდე – ფერმერი

წელს, 3 თვეში ცოცხალი ცხვრის ექსპორტი საქართველოში გაიზარდა. ამის შესახებ BM.GE-სთან ფერმერმა, ბექა გონაშვილმა ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, თებერვლის დასაწყისში ფერმერმა საერთაშორისო ბაზარზე 9 100 სული ცოცხალი ცხვარი გაყიდა. თუმცა, რეალური მაჩვენებლების დანახვა ივლისის თვიდან იქნება შესაძლებელი, როდესაც აქტიური სეზონი იწყება.
„თებერვლის დასაწყისში, საერთაშორისო ბაზარზე 9 100 სული ცოცხალი ცხვარი გავყიდე. თუმცა, შარშან არ გამიყიდია. რეალურად, ეს არის გადმოყოლილი ცხვარი, რომელიც გასულ წელს ვერ გაიყიდა და წელს გავყიდე. ახლაც გვყავს ფერმაში მორჩენილი ცხვარი, რომელიც ჯერ არ გამიყიდია. შეიძლება ეს ცხვარი შიდა ბაზარზე გავყიდო, ან ესეც ექსპორტზე გავიდეს. ამაში განსაკუთრებული არაფერია.
ადგილობრივ ბაზარზე ცხვრის ფასი ძალიან მაღალია. ცოცხალი ცხვარი 12 ლარი ღირს, რაც იმითაა განპირობებული, რომ ახლა ჩაქაფულის პერიოდია. ხოლო თვე-ნახევრის წინ, როდესაც ცოცხალი ცხვარი ექსპორტზე გავუშვი, კილოგრამი ცხვრის ღირებულება $4.30-ს შეადგენდა“, – ამბობს ფერმერი.
რაც შეეხება გასულ წელს, ბექა გონაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე, შარშან ზაფხულში ცხვრის ფასი 9 ლარი იყო და ახლაც, ცხვრის ფასის კორექცია კლებისკენ მოსალოდნელია. თუმცა, ფერმერი არ გამორიცხავს, რომ მისი პროგნოზი არ გამართლდეს და სიტუაცია დადებითად შეიცვალოს.
ინფორმაციისთვის, 2025 წელს, სამ თვეში (იანვარი-მარტი) საქართველომ $3,2 მლნ-ის ღირებულების 811 ტონა ცხვარი გაყიდა, მაშინ როდესაც 2024 წელს, ანალოგიურ პერიოდში $991 ათასი 308 ტონა ცხვარი ჰქონდა გაყიდული. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოს ცხვრების ექსპორტი 163.3%-ით გაეზარდა, ხოლო შემოსავალი 231.8%-ით.