ომბუდსმენი შეისწავლის, დღეს ჩატარებული ჩხრეკის დროს დაირღვა თუ არა ბავშვთა უფლებები

სახალხო დამცველი შეიწავლის დღეს, დილის საათებში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების ხელმძღვანელი პირების სახლებში ჩატარებული ჩხრეკის საქმეს, რომლებსაც პროკურატურა ედავება აქციის მონაწილეთა მხარდაჭერას. ომბუდსმენს აინტერესებს, იყო თუ არა დაცული ჩხრეკის დროს ბინებში მყოფი ბავშვების უფლებები.
„ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საგამოძიებო მოქმედებების წარმართვისას ყველა შესაძლო ღონისძიება უნდა იქნას გატარებული არასრულწლოვანებისთვის ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად. რა მიზნითაც სამართალდამცავი უწყება ვალდებულია, წინასწარ შეაფასოს ვითარება და არასრულწლოვანს შეუქმნას უსაფრთხო გარემო. ხოლო, წინასწარ გათვალისწინების შეუძლებლობის შემთხვევაში, არასრულწლოვანი დროულად განარიდოს მიმდინარე პროცესებს, მისი ოჯახის წევრის, ახლობლის ან სანდო პირის ჩართულობით, აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის ჩართვა“, – წერია სახალხო დამცველის გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, 29 აპრილის დილას, პროკურატურის თანამშრომლები გამოჩნდნენ ტელეწამყვანისა და „ნანუკას ფონდის“ დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის; მისი შვილის, აქტივისტ მარიამ გეგუჩაძის; აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის; არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის, ალეკო ცქიტიშვილისა და ფონდის, „ერთმანეთისთვის 24/7-ის“ დამფუძნებლის, გუგა ხელაძის საცხოვრებელ ბინებში.
მოგვიანებით პროკურატურის პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლიდანაც გაირკვა, რომ ჩხრეკა ჩატარდა „საბოტაჟის“ მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
„გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოუკუმენტაციის მოპოვების მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა განჩინებები ე.წ. ფონდების ხელმძღვანელი პირების – ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჩხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები ატარებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
„საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ კვალიფიკაციით აღძრული საქმის ფარგლებში, საგამოძიებო უწყების მოთხოვნით, მიმდინარე წლის 17 მარტს მოულოდნელად დააყადაღეს იმ ფონდების და ორგანიზაციების („ნანუკას ფონდი“, „სირცხვილია“, „ფროსფერითი“, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“) ანგარიშები, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ. საქმე მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვის საფუძველზე თებერვალში აღიძრა.
ამ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს აქციებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენას და აქციებზე დაკავებული ადამიანების ოჯახების დახმარებას ედავებიან, რაც კვალიფიცირებული აქვთ, როგორც „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების წახალისება“.
„კონკრეტული ფონდების ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა მიმართულია სამართალდამრღვევი პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის მატერიალური დახმარების უზრუნველსაყოფად. ხდება სამართალდამრღვევი პირების სასარგებლოდ ჯარიმების გადახდა და სხვა სახის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა“, – ეწერა პროკურატურის განცხადებაში.
2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ ოთხ თვეზე მეტია გასული – ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი ს ჩატარებისა და “სინდისის პატიმრების” გათავისუფლების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა – შეკრებებზე აკრძალა ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ შეწყვეტილა, აღნიშნული ფონდები კი დაჯარიმებულ მოქალაქეებს სახდელის გადახდაში ეხმარებოდნენ.
ფორუმი