საკონსერვო წარმოება ,,კულამ” საქართველოში არსებული ბავშვთა კვების მწარმოებელი გერმანული კომპანია HIPP-ის აქტივები იყიდა.”კულა” აღნიშნულ პროექტში, 4 წლის განმავლობაში, დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. კომპანია წარმოების დაწყებას თვის ბოლოდან გეგმავს.
კომპანიის დამფუძნებელი ვანო გოგლიძე ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ 2025 წელს კომპანია წარმოებას 15%-ით გაზრდას გეგმავს. სწორედ ამ მიზნით შეიძინეს მათ HIPP-ის საწარმო.
,,წარმოების გაზრდას ვაპირებთ. გეგმაში გვაქვს დაახლოებით 15%-ით წარმოების გაზრდა. გვაქვს ახალი დანადგარები. დავამატეთ ახალი საწარმოო ფართები გორში. ასევე შევიძინეთ დაბა აგარაში ,,ჰიპის’’ ქარხარა. აპრილში შევიძინეთ ქარხანა და იქაც დავიწყებთ პროდუქციის წარმოებას თვის ბოლოდან.’’- აცხადებს ვანო გოგლიძე.
HIPP-ის ქარხნიდან გამოშვებული ხილფაფები და ბიო წვენები ბაზარზე “კულას” სახელით გაიყიდება, რადგან HIPP-სგან მხოლოდ აქტივების შეძენა მოხდა და არა სახელის.




