კიევის სასამართლომ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს დეზერტირობის წაქეზებისა და საზღვარზე პირთა უკანონო გადაყვანის ორგანიზებისთვის თავისუფლების 15 წლით აღკვეთა მიუსაჯა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც გენერალური პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, კიევის პოდოლსკის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის მეოთხე პრეზიდენტი და უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დამნაშავედ ცნო და განაჩენი გამოუტანა. კერძოდ, უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს – თავისუფლების 15 წლით აღკვეთა, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს კი – თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიესაჯა.
„პროკურატურამ სასამართლოში დაამტკიცა, რომ 2014 წლის 23 თებერვალს, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ უფროსთან და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან შეთანხმებით მოქმედებდა, უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი საჰაერო გზით და ორგანიზება გაუწია მისი ახლო წრიდან მინიმუმ 20 ადამიანის და სახელმწიფო დაცვის სამსახურის სამხედრო პერსონალის გადაყვანას“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
მათივე განმარტებით, საქმე განიხილებოდა სპეციალური სასამართლო წარმოების წესით – დაუსწრებლად, რადგან პირები მართლმსაჯულებას ემალებიან.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ეს ყოფილი პრეზიდენტისთვის უკვე მეორე სასჯელია: 2019 წლის იანვარში ის დამნაშავედ ცნეს ღალატსა და აგრესიული ომის წარმოების ხელშეწყობაში, რისთვისაც თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.
