საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები – გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ლუკა მაისურაძის, მიხეილ ბახბახაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურიას შემადგენლობით ფინალში იტალიას დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 4:3 დასრულდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ლოტოტრონით -70 კილოგრამში სოფიო სომხიშვილსა და ასია ტავანოს შორის გაიმართა ბრძოლა, რომელიც სოფიოს გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა მესამედ მოიპოვა.
ფინალამდე საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანი ანგარიშით 4:0, მეოთხედფინალში კი ავსტრია ანგარიშით 4:1 დაამარცხა, ნახევარფინალში კი გერმანიას ანგარიშით 4:0 სძლია.
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ხუთი მოპოვებული მედლით დაასრულა.
საქართველოს ნაკრებმა კონტინენტის პირველობაზე სამი ოქრო და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა ილია სულამანიძემ (-100), ტურნირის ჩემპიონი გახდა გიორგი სარდალაშვილიც (-60 კგ). ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ). საქართველოს ნაკრებმა გაიმარჯვა შერეულ გუნდურ ტურნირშიც, ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიელებს ანგარიშით 4:3 სძლიეს.