სახელმწიფო მედია იუწყება, რომ ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სადავო რიფი დაიკავა

ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ჩინეთმა დაიკავა სადავო რიფი და ეროვნული დროშა აღმართა ფილიპინების სამხედრო ბაზასთან ახლოს. ეს ქმედება ადგილობრივ მედიაში უკვე შეფასდა, როგორც ფილიპინებთან რეგიონული დაპირისპირების ესკალაციაა.
ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელმა CCTV-მ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს ოთხი ოფიცერი — შავ ფორმაში, ჩინეთის დროშით ხელში — სადავო სენდის ქეის რიფზე სპარტლის კუნძულებში.
ტელეარხის ცნობით, ჩინეთმა აპრილის დასაწყისში „განახორციელა საზღვაო კონტროლი და აღასრულა სუვერენული იურისდიქცია“ აღნიშნულ რიფზე.
ფილიპინების მთავრობას ოფიციალური პასუხი ჯერჯერობით არ გაუცია. ჩინეთსა და ფილიპინებს შორის სხვადასხვა კუნძულებზე და ზონებზე პრეტენზიები აქვთ. მათი დაპირისპირება ბოლო დროს გამწვავდა — ხშირია ინციდენტები, ხომალდების შეჯახებები და ფიზიკური დაპირისპირებები.
რიფი სენდის ქეი ფილიპინების სამხედრო ბაზასთან ახლოს თიტუს კუნძულებზე მდებარეობს. ამ კუნძულებს მანილა ზღვაში ჩინეთის გადაადგილების მონიტორინგისთვის იყენებს.
თეთრმა სახლმა აღნიშნა, რომ ჩინეთის მიერ რიფის დაკავების შესახებ ცნობები “მაღალ შეშფოთებას იწვევს, თუკი დადასტურდება”.
„Financial Times“-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯეიმს ჰიუიტმა განაცხადა, რომ “მსგავსი ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონალურ სტაბილურობას და არღვევს საერთაშორისო სამართალს”, ხოლო თეთრი სახლი “მჭიდროდ კონსულტაციას გადის თავის პარტნიორებთან”.
ჩინეთის ეს ქმედება ემთხვევა იმ პერიოდს, როცა -ისა და ფილიპინების შეიარაღებული ძალები ატარებენ ყოველწლიურ სამხედრო სწავლებს სახელწოდებით “ბალიკატანის წვრთნები”. ჩინეთმა სწავლება პროვოკაციულად შეაფასა.
წვრთნებში, რომლებიც უახლოეს დღეებში გაგრძელდება, მონაწილეობს დაახლოებით 17,000 სამხედრო პირი. კვირას, ფილიპინების ჩრდილოეთ სანაპიროსთან, აშშ-ის საზღვაო საჰაერო თავდაცვის ინტეგრირებული სისტემიდან (MADIS) გაშვებულ იქნა რაკეტები — სისტემის მეორე ცოცხალი გაშვება და პირველი დისლოცირება ფილიპინებში. სწავლების ფარგლებში ასევე იგეგმება აშშ-ის ანტისაზღვაო სარაკეტო სისტემის NMESIS-ის გამოყენებაც.
ფილიპინების სამხედრო ძალების თქმით, წვრთნები ეროვნული თავდაცვის მოსამზადებელი რეპეტიციაა და კონკრეტულ ქვეყანას არ უკავშირდება.
“ამგვარი მომზადება ჩვენთვის უზომოდ ფასეულია,” — განაცხადა მესამე საზღვაო ლიტორალური პოლკის ოფიცერმა ჯონ ლეჰანმა.
სწავლება ეხმარება იმ შეშფოთების განმუხტვას, რომელიც აშშ-ის ზოგიერთი პარტნიორის მხრიდან შეინიშნებოდა — შიშობდნენ, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს რეგიონში აშშ-ის მრავალწლიან სამხედრო მხარდაჭერა.
სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიული დავები საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო წლებში დაძაბულობა საგრძნობლად გაძლიერდა.
ჩინეთი სამხრეთ ჩინეთის ზღვის უდიდეს ნაწილზე აცხადებს პრეტენზიას, ე.წ. „ცხრაწერტილიანი ხაზის“ ფარგლებში. ეს ხაზი ცხრა მონიშვნას მოიცავს და ჩინეთის ყველაზე სამხრეთ პროვინცია ჰაინანიდან ასეულობით მილით სამხრეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით ვრცელდება. პეკინი თავის ფართო ტერიტორიულ მოთხოვნებს ამყარებს კუნძულების აგებითა და საზღვაო პატრულირებით.
ასევე, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაივანი, მალაიზია და ბრუნეიც აცხადებენ პრეტენზიებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის სხვადასხვა კუნძულებსა და ზონებზე.
ფორუმი