“ვიღაცეები უნიჭოდ იბრალებენ მაგრამ აქაა ნამდვილი ქართული იდენტობა” – იაკობ ჯანგავაძე

ვნახე ეს ვიდეო. ცხადია, მკვლელობა — დანაშაულია. და ბოდიშით არ ხდება დანაშაულის დავიწყება ან გამართლება. როგორც დაიწერა, მკვლელები დაიჭირეს. მისი ოჯახი ხეობას ტოვებს. ამიტომ შემიძლია ცოტა ამ კადრზეც ვთქვა. მუხლებზე მდგარი კაცები არ იყვნენ უშუალოდ მკვლელის ოჯახის წევრები, საგვარეულო იდგა მუხლებზე, რადგან მიწის შერცხვენა ყველას ერთნაირად ეხება. ეს არ იყო დანაშაულის მონანიება — ეს ქცევა კოლექტიური სინდისის ნაწილია. აქეთ ჭირისუფალი კარში დგას. ჩუმადაა. უყურებს ამ ხალხს. და შემდეგ ნელა, უხმოდ, ხელით ანიშნებს — წამოდექით. ეს მოხდა იქ, მთაში, სადაც კანონზე ადრე სიტყვა არსებობდა, და სამართალზე ადრე — ღმერთის შიში. ესაა ჩვენი იდენტობა, რომელიც გლოვის წინ შურისძიებას არ აყენებს. პატიებას კი არ ითხოვ, ადამიანად დარჩენას სცდილობ. ამ ქვეყანას თუ გადარჩენა უწერია — სწორედ ამის გამო. სწორედ იმ კულტურის გამო, რომელსაც ჯერ კიდევ შეუძლია ადამიანი მუხლებზე დააყენოს, და მერე — წამოაყენოს. ვიღაცეები უნიჭოდ იბრალებენ მაგრამ აქაა ნამდვილი ქართული იდენტობა.

ასევე დაგაინტერესებთ