ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარება 45 ლიტრს შეადგენს – Galt & Taggart

ლუდის მოხმარება საქართველოში 2016-2023 წლებში წლიურად საშუალოდ 5.1%-ით გაიზარდა. Galt & Taggart-ის შეფასებით იგი 2023 წელს 133 მლნ ლიტრს (+1.2% წლიურად) მიაღწევს.
ამასთან, მზარდია 2023 წელს ერთ სულ მოსახლეზე ლუდის მოხმარება, რომელიც 45 ლიტრს შეადგენს, თუმცა მაინც ჩამორჩება ევროპის საშუალო მაჩვენებელს – 79 ლიტრს.
ლუდის მოხმარების 92% ადგილობრივი წარმოებით კმაყოფილდება, ხოლო დანარჩენი იმპორტირებულია, ძირითადად გერმანიიდან, დან და ბელგიიდან.
ლუდის წარმოება 2016-23 წლებში წლიურად საშუალოდ 3.0%-ით გაიზარდა და Galt & Taggart-ის შეფასებით 2023 წელს 126 მლნ ლიტრს მიაღწევს:“ლუდის ექსპორტი 2023 წლის 11 თვეში წლიურად 98.7%-ით გაიზარდა $7.9 მლნ-მდე და ჩვენი შეფასებით 2023 წელს $8.5 მლნ-ს მიაღწევს, ძირითადად ყაზახეთში და დსთ-ს სხვა ქვეყნებში გაზრდილი გაყიდვების შედეგად“ – წერია კვლევაში.
რაც შეეხება მწარმოებლებს, სექტორში 4 ძირითადი მწარმოებელია: ლომისი, ქართული ლუდის კომპანია, გლობალ ბიერ ჯორჯია და არგო, რომლებიც ლუდის გარდა არაალკოჰოლურ სასმელებსაც აწარმოებენ. სექტორის შემოსავალი 2023 წლის სამ კვარტალში 15.2%- ით გაიზარდა 446.1 მლნ ლარამდე და წლიურ ჭრილში Galt & Taggart ის შეფასებით, 584.7 მლნ ლარს მიაღწევს. ამასთან, ჯამური შემოსავლების დაახლოებით 60% ლუდის გაყიდვებიდან და დანარჩენი არაალკოჰოლური სასმელების გაყიდვებიდან გენერირდება.
Galt & Taggart -ში მიაჩნიათ, რომ ლუდის სექტორის ზრდას ხელს შეუწყობს საერთაშორისო ბრენდების ახალი ლიცენზიების მიღება და კრაფტ ლუდის გაყიდვების ზრდა.

ასევე დაგაინტერესებთ