ევროკავშირმა ციფრული წესების დარღვევისთვის Apple 500 მილიონი ევროთი, ხოლო Meta 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ევროკავშირმა ციფრული წესების დარღვევისთვის Apple 500 მილიონი ევროთი, ხოლო Meta 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ევროკომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ევროკომისიის გადაწყვეტილებით, Apple-სა და Meta-ს ჯარიმები ციფრული ბაზრების აქტის (DMA) დარღვევისთვის დაუწესდათ.
ევროკომისიის განცხადებით, Apple-მა App Store-ის რეგულაციები დაარღვია, ხოლო Meta-ს ჯარიმა მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დაეკისრა.
“ჩვენი მოვალეობაა ევროპაში ჩვენი მოქალაქეები და ინოვაციური ბიზნესები დავიცვათ“, – განაცხადა ევროკომისარმა ტექნოლოგიური სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჰენა ვირკუნენმა.
Apple-მა განაცხადა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, ხოლო Meta-მ აღნიშნა, რომ ევროკავშირი „ცდილობს წარმატებულ ამერიკულ ბიზნეს კომპანიებს ხელი შეუშალოს“.