თუ საქართველოს ხელისუფლება მართლა გათავისუფლდა „დიფ სთეითის“ ბატონობისგან, მაშინ ამან ასახვა უნდა ჰპოვოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკაზე
„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ნანა კაკაბაძე ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს.
„რუსეთთან კომუნიკაცია ღალატია თუ რაციონალიზმი? დღევანდელ მსოფლიოში პოლიტიკის მთავარი ტრენდი მოლაპარაკება გახდა. მოლაპარაკებას აწარმოებენ ისეთი ბუნებრივი მეტოქეები და მტრები, როგორებიც არიან აშშ და ჩინეთი, ირანი, რუსეთი, პალესტინა, ისრაელი და ა. შ. ასეთ სიტუაციაში საქართველოს უარი რუსეთთან (დიახ, ოკუპანტთან) მოლაპარაკებაზე დანარჩენ მსოფლიოს აფიქრებინებს, ესენი თვითონ არიდებენ თავს რუსეთთან დიალოგს საკუთარ ტერიტორიებზე და ჩვენ აუტკივარი თავი რატომ ავიტკივოთო.
ერთადერთი, ვინც ეწინააღმდეგება რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების დალაგებას, როგორც ჩანს არის „დიფ სთეითი“. თუ საქართველოს ხელისუფლება მართლა გათავისუფლდა „დიფ სთეითის“ ბატონობისგან, მაშინ ამან ასახვა უნდა პოვოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკაზე.
32 წლიანმა პერიოდმა, ნათლად დაგვანახა, რომ საერთაშორისო ფორმატებმა კრახი განიცადეს. ერთადერთი, რა მექანიზმიც საქართველოს ხელისუფლებას არ უცდია, ეს არის პირდაპირი დიალოგი რუსეთთან. დიალოგი არის ის ფორმატი, რომელიც ჩვენგან არ მოითხოვს ძალას, ის ქვეყნის მმართველებისგან მოითხოვს გონივრულ, პოლიტიკას და პატრიოტიზმს.
სწორედ ეს ტესტი უნდა ჩააბაროს ხელისუფლებამ. ჩვენი მოძრაობა გამოვიდა ნეიტრალიტეტის იდეით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას თვისობრივად ახალი პოლიტიკისკენ. ეს არის დიპლომატიური ურთიერთობების დალაგება ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან, საქართველოს ინტერესების წინ წამოწევით.
ნეიტრალიტეტის იდეა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ გამოყენების ერთადერთი გზაა, ამასთანავე საჭიროა ეს ინიციატივა პირველად ჩვენგან გაჟღერდეს, რადგან თუ იდეის ინიციატორი სხვა ქვეყანა გახდა, მაშინ ჩვენ მაჩანჩალას მდგომარეობით, მოგვიწევს იმაზე დათანხმება, რასაც ინიციატორები მოგვიგდებენ.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, მნიშვნელოვანი ცვლილებების ეპოქაში, ახალი მსოფლიოს ჩამოყალიბების დროს, ჩვენც გავხდეთ როგორც ნეიტრალიტეტის იდეის ასევე პოლიტიკის გადატვირთვის ინიციატორები.
წარსულზე ფსევდო გლოვამ და გულზე მჯიღის კვრამ, რაც აქამდე მოგვიტანა, სახეზეა. დამოუკიდებლობის პირობებში, გაძლიერებისა და განახლების ნაცვლად, უამრავი მნიშვნელოვანი მიმართულებით (ქვეყნის გაერთიანების პერსპექტივის, დემოგრაფიული მდგომარეობის, განათლების ხარისხის თვალსაზრისით) მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. რომ არაფერი ვთქვათ იგივე სუვერენიტეტზე, რომელზეც დღეს უკვე ხელისუფლებაც ღიად ალაპარაკდა, რომ ჩვენს მიერ წარმოებული პოლიტიკა, განვლილი ბრძოლის გზა და დაღვრილი სისხლის შედეგი, ყოფილა გარედან მართვა და არა “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს”. ასეთი იყო ჩვენი უახლესი წარსული, ღალატითა და შეცდომებით აღსავსე, მიუხედავად ამისა, ქვეყანამ მაინც მიაღწია ცალკეულ წარმატებებს და თავი აარიდა უმძიმეს განსაცდელს (მეორე ფრონტის გახსნას და სხვა).
დღეს რაც ჩვენს ქვეყანას ჭირდება არის არა „წარსულ დროებზე დარდი“, არამედ წარსულის სწორად გააზრება, სწორი პოლიტიკის წარმოებით წარმატებული და რეალური თავისუფლებით გაჯერებული მომავლის შექმნა.
ამ მიზნის მისაღწევად კი ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა უმნიშვნელოვანესია მშვიდობის შენარჩუნება, მშვიდობიან ფორმატში დიალოგისა თუ მოლაპარაკებების წარმოება ყველა იმ ქვეყანასთან, რომლებიც მსოფლიოში პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიან“, – წერს კაკაბაძე.
