კვარაცხელია დღეს რომში, სადაც გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა, ლუკაკუს დაბრუნება და უკმაყოფილო მოურინიო…

საშობაო შესვენების გამო იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტური პარასკევს დაიწყო და შაბათს სრულდება. წლის ბოლომდე გუნდებს კიდევ ერთი შეხვედრის გამართვა მოუწევთ, პირველი წრე კი 7 იანვარს დასრულდება. დღეს, 23 დეკემბერს, 23:45 საათზე, ცენტრალური მატჩია – “რომა” “ნაპოლის” უმასპინძლებს.
ნეაპოლელები რომაელებს 2 ქულით აღემატებიან. ეს გუნდები წელს ოთხეულისთვის ბრძოლაში მთავარი კონკურენტები უნდა იყვნენ. მოქმედმა ჩემპიონმა ჟოზე მოურინიოს გუნდი გასულ სეზონში ორივე მატჩში დაჩაგრა. პორტუგალიელი მწვრთნელი მუდმივად იმეორებს, რომ შედეგები უსამართლო იყო, უკმაყოფილოა და რევანშის სურვილი აწუხებს. ჯერ იყო ვიქტორ ოსიმენის მშვენიერი სოლო-გოლი
(1:0), შემდეგ კი ქართულ-ნიგერიული ულამაზესი კომბინაციით დაწყებული (2:1) გამარჯვება. ეს დერბი დელ სოლეა, ორი სამხრეთული და ტემპერამენტიანი გუნდის მონაწილეობით. რომაელები “სტადიო ოლიმპიკოზე” ძლიერები არიან. მათზე მეტი საშინაო ქულა 2023 წელს მხოლოდ “ინტერმა” მოიპოვა, ხოლო შინაურ კედლებში უფრო მეტი გოლი “ატალანტამ” გაიტანა.
საკუთარი თავისთვის “განსაკუთრებულად” წოდებული მოურინიო უკვე მესამე წელია რომშია. ტოპ 5-ის გუნდებთან ჩატარებული ბოლო 13 მატჩიდან მან 9 წააგო. ეს საშინელი შედეგია. გარდა ამისა, უკვე სამი საშინაო დაპირისპირებაა, “რომას” “ნაპოლისთვის” არ გაუტანია (0:1, 0:2, 0:0). ბოლოს რომაელებმა უახლოესი მეტოქე 2019 წელს დაამარცხეს, სადაც დღევანდელი შემადგენლობებიდან მერეტი, დი ლორენცო, რუი, დემე, ზელინსკი, პოლიტანო, ლობოტკა – პელეგრინი, სპინაცოლა, სმოლინგი, მანჩინი და კრისტანტე მონაწილეობდნენ. ჟუან ჟესუსი, რომელიც მაშინ “მარადიულ ქალაქში” თამაშობდა, ტრავმირებული იყო.
“სტადიო ოლიმპიკო”
ვალტერ მაცარიმ თასზე გუნდი გადაახალისა და მწვავე დარტყმა მიიღო, “ფროზინონესთან” უბრალოდ (0:4) განადგურდა. არადა, გასულ ტურში სა და ვიქტორ ოსიმენის წყვილი ძველებურად ათამაშდა. შეგახსენებთ, ქართველ გარემარბს 5 გოლი და 3 “ასისტი” აქვს, ნიგერიელ ფორვარდს კი – 7 შედეგიანი დარტყმა და 2 საგოლე პასი. ჩვენებური მის წინააღმდეგ უხეშობას კი შეეჩვია, მაგრამ იმედია, ჟოზესა და ზაფხულში “ლიდსიდან” შეძენილ დანიელს, რასმუს კრისტენსენს, განსაკუთრებული სიხისტე არ მოუფიქრებიათ. ისე, გასულ სეზონში, ქართველმა გარემარბმა რომაელი გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურა, როცა მეტოქის ფეხბურთელის ტრავმის გამო, ხელსაყრელ შეტევაზე უარი თქვა… და კიდევ ერთი – “კვარას” ამ სეზონში მაშინ გააქვს, თუ მარიო რუი თამაშობს…
კრისტანტე დაბრუნდა, აი, პაულო დიბალა ბარძაყის პრობლემის გამო ვერ ითამაშებს; აბრაჰამი და სმოლინგი ისედაც დიდი ხანია, ტრავმირებულები არიან. ვერც ალჟირელი აუარი იქნება. ნეაპოლელთა რიგებში ოლივერას თამაში გამორიცხულია, ელმასი “ლაიპციგში” გადავიდა.
ალბანელი კუმბულა რომაელთა სათადარიგოთა სკამს დიდხნიანი პაუზის შემდეგ უბრუნდება. დისკვალიფიკაციის შემდეგ რომელუ ლუკაკუ აუცილებლად ითამაშებს. ბელგიელთან ერთად, გუნდი საშუალოდ 1.8 ქულით მეტს იღებს. რომელუ “ნაპოლის” სულ ექვსჯერ დაუპირისპირდა და 4 გოლი გაუტანა. თავის მხრივ, მატეო პოლიტანომ “რომასთან” 6 გოლში მიიღო მონაწილეობა.
სავარაუდო შემადგენლობები:

“რომა”: პატრისიო – მანჩინი, ლორენტე, ნდიკა – კრისტენსენი, კრისტანტე, პარედესი, ბოვე, ძალევსკი – ელ შაარავი, ლუკაკუ.
“ნაპოლი”: მერეტი – დი ლორენცო, რაჰმანი, ნათანი, რუი – ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი – პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.
შეხვედრას კოლომბო განსჯის, რომლის თვალწინაც ხვიჩა კვარაცხელიას არაერთი ლამაზი გოლი გაუტანია, მათ შორის, გასული სეზონის საუკეთესო – “ატალანტასთან”. ბოლოს ეს რეფერი ნეაპოლელებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, 2 სექტემბერს კიდევ ერთ რომაულ კლუბთან, “ლაციოსთან” (1:2) დამარცხდნენ.
ელმასის ძალიან კარგად მესმის,მაგრამ მისი წასვლით,ნაპოლი ძალიან დაზარალდება.მას თითქმის ყველა პოზიციის გადაფარვა შეეძლო და ნაპოლის მოკლე სკამისათვის,ის შეუფასებელი ქონება იყო.ახლა მის ნაცვლად,დე ლავრენტისს,რამდენიმე პოზიციაზე დასჭირდება კაცის დამატება.მისი ხასიათი რომ ვიცით,ეგ მაგის გამკეთებელი არ არის და გამოდის,ნაპოლი კიდევ უფრო დასუსტდება.
დე ლავრენტისი,ჭირსაც წაუღია,ნაპოლიც მხოლოდ ხვიჩას გამო მაინტერესებს,მაგრამ შენი სიძუნწით,ისე ლამაზად მოთამაშე გუნდს რომ დაანგრევ,როგორსაც ნაპოლი შარშან თამაშობდა,მართლაც ჭირმა უნდა წაგიღოს.