სასამართლოს ეზოში დაკავებული გიორგი ჩხეიძის და აცხადებს, რომ მისი ძმის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამ დროისთვის, მას წარმოდგენა არ აქვს, სად გადაიყვანეს მისი ძმა დაკავების შემდეგ.
“მე არ შევსწრებივარ ამ მომენტს, მე ვიყავი შიგნით, შენობაში და რომ გამოვედი, მითხრეს, რომ ჩემი ძმა დააკავეს. კადრები რომ ვნახე, ის იღებს ამ სიტუაციას, ეზოში რაც ხდება და ამ დროს ესევა ათობით პოლიციელი. კრიმპოლია თუ ვინ არიან ესენი, წარმოდგენა არ მაქვს და იჭერენ ჩემს ძმას. ამ მანდატურების გადაცემული იქნება, აირჩიეს ჩემი ძმა, მოჰკიდეს ხელი და წაიყვანეს.
წარმოდგენა არ მაქვს, სად იმყოფება ამჟამად და სად ჰყავთ გადაყვანილი. საერთოდ არაფერი არ ვიცი, არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია ამის შესახებ. რომ დავრეკე საპატრულოში, მითხრეს, მათ არ ჰყავთ დაკავებული და კრიმპოლს არ აქვს ტელეფონი, რომ დავრეკო და მათ ვკითხო”, – განაცხადა თამთა ჩხეიძემ.
