რუსეთმა ძებნა გამოაცხადა ჟურნალისტსა და კინოკრიტიკოს ეკატერინა ბარაბაშზე, რომელიც შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.
სასჯელაღსრულების სამსახურმა განაცხადა, რომ ბარაბაში სახლში ვეღარ იპოვეს — შინაპატიმრობის აღმკვეთი ღონისძიების დარღვევა ელექტრონული მონიტორინგის სისტემის მეშვეობით დაადგინეს.
მოსკოვის ოლქის პუშკინის საქალაქო სასამართლოს 21 აპრილს განჩინებით, ბარაბაშთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეიცვალა.
ეკატერინა ბარაბაში წარმოშობით ხარკოვიდანაა, თუმცა მისი დაბადებისთანავე ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბარაბაში, ხანდაზმული მშობლების გამო, რუსეთში დარჩა, თუმცა ღიად აკრიტიკებდა კრემლის პოლიტიკას. ჟურნალისტი ფეისბუქ-პოსტების გამო, რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით მიმდინარე წლის 25 თებერვალს დააკავეს.
აპრილის დასაწყისში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ბარაბაში „უცხოური აგენტების“ რეესტრში დაამატა.
