საბა ბუაძე – ვერც ერთი პირის თბილისში ვიზიტი არალეგიტიმური ძალის ლეგიტიმაციას ვერ მოახდენს, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ შეფასებული მათი „მოღვაწეობა“ კი ტყუილი და ხალხის შეურაცხყოფაა

“ქართული ოცნების“ მმართველობის 13 წელი არის საქართველოს სუვერენიტეტის მთავარი საყრდენების, ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ მასშტაბური ბრძოლა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილები – “ქართული ოცნების“ მიერ შეფასებული “მოღვაწეობა“ ტყუილი და საზოგადოების შეურაცხყოფაა! – აღნიშნული შეფასება პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა საბა ბუაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.
როგორც ბუაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, “ქართული ოცნების“ პოლიტიკური მემკვიდრეობის ყველაზე კარგად გამომსახველი ციფრია სოციალური დახმარების მიმღები 700 ათასი მოქალაქე, ათეულობით ათასი მოშიმშილე ბავშვი, გაჭირვებაში მყოფი პენსიონერები და ემიგრაციაში გაქცეული საზოგადოების ყველაზე შრომისუნარიანი ნაწილი“.
“ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებაზე საუბრისას, ბუაძემ განაცხადა ისიც, რომ საქართველოში არანაირი დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს და სასამართლოს მართვას “კლანი“.
“რაც შეეხება მშვიდობას, აქ მთავარი კითხვაა, რა გააკეთეს მათ გრძელვადიანი მშვიდობის და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის?! ომის შიში არამდგრად ვითარებაში ნორმალურია, ოღონდ ამ ხელისუფლებამ რა გააკეთა ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და იმისთვის, რომ დღეს ჩვენ უფრო მეტად დაცული ვიყოთ? ამაზე პასუხია, რომ არა თუ არაფერი არ გააკეთეს, მათი ყოველდღიური განცხადებები და მოქმედება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ და ჩვენი მტრების პროვოცირებისკენ გადადგმული ნაბიჯია. შემდგარი და დადასტურებული ფაქტია, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არაფერი გაკეთებულა – ამ მოღალატეობრივ ძალას არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ მაშინ როდესაც მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილებაზე მიდის საუბარი, საქართველოს საკითხი საერთაშორისო დღის წესრიგში იდგეს. ჩვენ დღეს განგრძობადი ბორდერიზაციის და ტერორის პირობებში ვცხოვრობთ. ვკითხოთ, ოკუპირებული ტერიტორიების ირგვლივ მცხოვრებ პირებს, თუ როგორ ცხოვრობენ და რამდენად უსაფრთხოდ გრძნობენ ისინი თავს?!“, – განაცხადა საბა ბუაძემ.
ბუაძე იმასაც ამბობს, რომ ტყუილია “ქართული ოცნების“ განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს დასავლური სანქციები მათზე არ მუშაობს. ბუაძის აზრით, თუკი რაიმე შიში არსებობს დღეს “ქართულ ოცნებაში“, სწორედ სანქციების შიშია.
“როგორც არ უნდა ცდილობდნენ სანქციების ეფექტის ნიველირებას და გაუფასურებას, ეს ასე არ არის – ეს ხალხი ვერანაირ ლეგალურ ტრანსაქციებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მათზე, ვინც დაკავებულია ბიზნესით და ასეთი “ქართული ოცნების“ უმრავლესობაა, მათთვის შემაშფოთებელი გზავნილია, რომ შეიძლება სანქცირებული და დასავლური ეკონომიკური ოჯახიდან სრულად იზოლირებული იყვნენ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რა გავლენა აქვს დასავლურ სანქციებს – ამის ნიველირება “ქართული ოცნების“ მხრიდან თავის მოტყუებაა“, – განაცხადა ბუაძემ.
ბუაძემ ეუთოს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამოსვლაც შეაფასა და როგორც აღნიშნა, “ქართული ოცნება“ ფერიდუნ სინირლიოღლუს ვიზიტით, შესაძლოა, საკუთარი ლეგიტიმაციის ნიშან-წყალის წარმოჩენას ცდილობდეს, მაგრამ ეს ასე არ არის.
ბუაძის თქმით, ნებისმიერი ასეთი ვიზიტი ქვეყნის მხარდაჭერაა.
“როცა ეუთოს გენერალური მდივანი საუბრობს იმაზე, რომ მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ეს არის მათი მხრიდან იმის აღიარება, რომ საქართველოში არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარება ყველას ადარდებს და სტაბილურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. საუბარია სტაბილურობის მიღწევის გზებზე. საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასრულება ახალი საპარლამენტო ს დანიშვნისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე ვერანაირად ვერ მოხდება. “ქართული ოცნება“ ამ ვიზიტით, შესაძლოა, საკუთარი ლეგიტიმაციის ნიშან-წყალის წარმოჩენას ცდილობდეს, მაგრამ ეს ასე არ არის!
ვერც ერთი პირის ვიზიტი ამ არალეგიტიმური ძალის ლეგიტიმაციას ვერ მოახდენს, ვინაიდან “ქართული ოცნებისთვის“ საერთაშორისო კონტექსტი ძალიან მძიმეა! რაც მთავარია, საერთაშორისო პარტნიორები ხედავენ, რომ ამ ძალას ლეგიტიმაცია თავად ქართველი ხალხისგან არა აქვს, ხედავენ ამ ლეგიტიმაციის კრიზისს, რომელიც ყოველდღიურად ღრმავდება.
„ქართული ოცნებისთვის“ საერთაშორისო კონტექსტი კვლავ ძალიან მძიმეა“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – ნოემბრის აქციებზე კიდევ უფრო მეტად ვნახეთ არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტები – ამას ვერავინ გაექცევა, რომ უამრავი ადამიანი არის დაზარალებული და არავინ არის პასუხისგებაში მიცემული

ჯო უილსონი – “ქართული კოშმარის” რეჟიმმა საქართველოს საზღვრები გაუხსნა „თალიბანს“ – პრეზიდენტ ტრამპს “დიფ სთეითის” ინსტრუმენტად ყოფნა დააბრალა, ამავდროულად, ვაშინგტონში არიან და შეხვედრებს გვევედრებიან – საკმარისია