საქართველო – მეზობელი, რომელიც აღარ ჰგავს ხიდს ევროპისკენ

ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველო, განსაკუთრებით, სომხეთისთვის დასავლეთთან კავშირის ერთ-ერთი მთავარი კარიბჭე იყო — როგორც სიმბოლურად, ისე ფიზიკურად. აქ ტარდებოდა საერთაშორისო კონფერენციები, იბადებოდა სამოქალაქო ინიციატივები, ჩამოყალიბდა უსაფრთხო სივრცე, რომელზეც ბევრი სომეხი და აზერბაიჯანელი აქტივისტი მხოლოდ ოცნებობდა საკუთარ ქვეყანაში. თუმცა ბოლო წლების პოლიტიკურმა ტენდენციებმა — ს გავლენის გაძლიერებამ, სამოქალაქო სექტორის შეზღუდვამ და კრიტიკული აზრის მიმართ გაზრდილმა ზეწოლამ — ეს სურათი საგრძნობლად შეცვალა.
ევროპაში გზის გადაკეტვის შიში
“საქართველოს ევროკავშირში პოლიტიკური ინტეგრაციის პერსპექტივის გარეშე, დანარჩენი რეგიონიც ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივის გარეშე რჩება,” — ამბობს სამხრეთ კავკასიის რეგიონის საკითხების მკვლევარი და ანალიტიკოსიმ ოლესია ვართანიანი ნეტგაზეთთან საუბარში.
მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოების პროცესში გადაწყვეტილებები ხშირად გეოგრაფიულ მარკერებს ეყრდნობა, და ბოლო დრომდე სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის ნებისმიერი პერსპექტივა, ბრიუსელში სწორედ საქართველოს გავლით განიხილებოდა:
“როდესაც ბრიუსელში განიხილავენ ევროკავშირის გაფართოების საკითხებს, როგორც წესი, ხელმძღვანელობენ მაინც გეოგრაფიული მონაცემებით… ნებისმიერი ნაბიჯი სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, ბოლო დრომდე, განიხილებოდა ზუსტად საქართველოს გავლით. ეს არის უზარმაზარი დანაკარგი რეგიონისთვის და ჯერჯერობით რთულია მიხვდე, ევროკავშირი როგორ იმუშავებს სამხრეთ კავკასიაში.”
სამოქალაქო სივრცის დაშლა და უკუსვლა
ვართანიანის თქმით, საქართველო დიდხანს იყო თავისუფლების კუნძული არა მხოლოდ სომხეთის, არამედ აზერბაიჯანის სამოქალაქო საზოგადოებისთვის:
“საქართველო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა თავისუფლების კუნძულად, განსაკუთრებით აზერბაიჯანელებისთვის, სადაც ხორციელდებოდა პროექტები, რომლის გაკეთებაც სულ უფრო რთული იყო აზერბაიჯანში და ახლა, განსაკუთრებით ამ კანონმდებლობის გათვალისწინებით, არათუ რთულდება, უბრალოდ შეუძლებელი ხდება.”
მისი თქმით, სომხეთის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობები გაღრმავებული იყო და მოიცავდა არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორს, არამედ საშუალო დონის საჯარო მოხელეებს:
“სომეხ ჩინოვნიკებსაც შევხვედრილვარ, რომლებიც ამბობდნენ რამდენად სასარგებლო იყო მათთვის ქართული გამოცდილების მიღება — განსაკუთრებით სასამართლო და საპოლიციო რეფორმების კუთხით. მაგრამ ახლა, ამ აკრძალვითი კანონმდებლობის ფონზე, წარმოუდგენელია ამ ყველაფრის გაგრძელება.”
სოლიდარობა აგენტების კანონთან დაკავშირებით
2024 წლის აპრილში, სომხეთის წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი წერილით მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა “აგენტების კანონის” მიღებას:
“ჩვენ, სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ინდივიდები, სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ თქვენ. მხარს ვუჭერთ თქვენს სიმამაცეს, დაუპირისპირდეთ საქართველოს მთავრობის მუდმივ მცდელობებს, შეზღუდოს სამოქალაქო თავისუფლებები და ფუნდამენტური ადამიანის უფლებები…”
სომხეთის სიფრთხილე
სომეხი პოლიტოლოგი მიკაელ ზოლიანი ნეტგაზეთთან აღნიშნავს, რომ სომხეთის სამოქალაქო საზოგადოება ყურადღებით და შფოთვით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, თუმცა სახელმწიფო დონეზე ფრთხილი პოზიციაა:
“ვინც არ უნდა იყოს საქართველოში ხელისუფლებაში, სომხეთში პოზიცია ასეთია: ჩვენ უნდა ვიმეგობროთ, კეთილმეზობლური ურთიერთობები შევინარჩუნოთ და შიდა პოლიტიკაში არ ჩავერიოთ. თუმცა არსებობს შფოთვა, რომ საქართველო ამოვარდება ევროპული ინტეგრაციიდან — და ეს სომხეთსაც გზას ჩაუკეტავს.”
სომხეთში ერთიანი ხედვა არ არსებობს
ექსპერტი, სოციოლოგი ჰრანტ მიკაელიანი ფიქრობს რომ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები სომხეთში, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან განსხვავებულად მაინც ფასდება.
„აღარ არსებობს ის ერთსულოვნება, რაც წარსულში იყო საქართველოს მიმართ”, – ამბობს მიკაელიანი ნეტგაზეთთან.
ამასთან, მიკაელიანის შეფასებით, ის დემოკრატიული ფანჯარა, რაც საქართველოზე იშლებოდა — განსაკუთრებით სომხეთისთვის, თანდათან იხურება:
„იმ სახით, რა სახითაც საქართველო აღიქმებოდა, როგორც ევროპული ინტეგრაციის შესაძლო წყარო, თანდათანობით ეს აღქმა ქრება. თუმცა სომხეთის ხელისუფლება ცდილობს შეავსოს ეს სიცარიელე — უკვე იყო რეფერენდუმის იდეა ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას.”
მიუხედავად ამისა, მიკაელიანის თქმით, საქართველოზე კვლავ რჩება სერიოზული გეოპოლიტიკური დამოკიდებულება:
„ქვეყანა რჩება ლოგისტიკურ კვანძად და შავ ზღვაზე წვდომის წერტილად, რაც მას, ეკონომიკური და სატრანსპორტო კუთხით, დასავლეთისთვის კვლავ მნიშვნელოვან პარტნიორად ტოვებს. თუ ევროპაში ფანჯარას დავყოფთ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კომპონენტებად — საქართველო ამ კონტექსტში ჯერ კიდევ ფანჯარად რჩება.“
ასევე, ექსპერტი საუბრობს აგენტების კანონზე და სომხური საზოგადოების შიშებზე:
„სომხურ სამოქალაქო საზოგადოებაში იგრძნობა აღელვება, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც უცხოური დაფინანსებით მუშაობენ. არის შეშფოთება, რომ საქართველოც იმავე გზაზე დგება, რაც აზერბაიჯანმა გაიარა. თუმცა არსებობს აზრთა სხვადასხვაობაც — ზოგი მაინც ამართლებს ამ პროცესს ‘ნაციონალური ინტერესებით.“
ის ასევე აღნიშნავს, რომ უკანანსკნელ პერიოდში თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის შესამჩნევად შემცირდა:
„ბევრი სომხური ორგანიზაცია, რომლებიც ადრე ერთობლივ პროექტებზე მუშაობდა საქართველოში, ახლა ფიზიკურად ვეღარ შედის ქვეყანაში”.
მიკაელიანი ფიქრობს, რომ საქართველო თანდათან კარგავს თავის როლს, როგორც რეგიონის დემოკრატიული კავშირების პლატფორმა:
„საქართველოს განხილვა ევროინტეგრაციის წყაროდ რეგიონში შემცირდა. აღმოსავლეთ პარტნიორობა პრაქტიკულად აღარ არსებობს იმ ფორმით, რაც ადრე იყო. დღეს საქართველო გადმოსცემს ნაციონალურ-ავტოკრატიულ კონსერვატიულ სიგნალებს. ამ მხრივ, რეგიონში მას ჯერ კიდევ უსწრებენ აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი. სომხეთი რჩება კუნძულად, რომელიც ჯერ კიდევ წინააღმდეგობას უწევს. მაგრამ ქართულმა პრეცედენტმა შეიძლება მის საზღვრებში ავტორიტარულ ძალებს მისცეს მაგალითი და მოტივაცია.“
დემოკრატიის უკუსვლა და მისი გადარჩენის იმედი
სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორი თამთა მიქელაძე საქართველოს დემოკრატიული რეპუტაციის ევოლუციასა და ახლანდელ კრიზისზე საუბრობს.
“წლების განმავლობაში საქართველო სამხრეთ კავკასიაშიაც და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც დანახული იყო როგორც სწრაფი დემოკრატიზაციის და ევროპეიზებული სახელმწიფოს გამოცდილება, რომელიც ძალიან საინტერესო ახალ გამოცდილებას ქმნიდა, როგორ იყო შესაძლებელი პოსტსაბჭოტა ქვეყნებში დემოკრატიზაცია. ძალიან დიდი მოლოდინები არსებობდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მოახერხებდა ჩვენი ქვეყნა გაღწევას ამ პოსტსაბჭოთა პოლიტიკური გეოგრაფიიდან”.
თუმცა, მიქელაძის შეფასებით, ეს ტრაექტორია მკვეთრად შეიცვალა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში:
“თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ ქართული ოცნება გვაბრუნებს პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ გეოგრაფიაში ისევ – ერთი მხრივ პოლიტიკური და სამართლებრივი სისტემის სრული დეგრადაციით, საგარეო პოლიტიკური კურსის რადიკალური შემობრუნებით და პრაქტიკულად უარის თქმით ევროინტეგრაციაზე და ამ გაგებით საქართველო დღეს პრაქტიკულად თავსდება პოსტსაბჭოთა ავტორიტარული რეჟიმების კატეგორიაში და აკოპირებს სწორედ იმ სტრატეგიებსა და ტაქტიკებს, რომელიც ახასიათებს პოსტსაბჭოთა ავტორიტარიზმებს”.
ის ფიქრობს, რომ საქართველოს მაგალითს რეგიონშიც აკვირდებიან და მით უმეტეს სომხეთში:
“რეალურად საქართველოს ბრძოლა დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციისთვის რეგიონისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან განსაკუთრებით სომხეთისთვის ეს გადამწყვეტი ფაქტორია. თუ საქართველოში აღარაფერი მოხდება მრავალი წელი ევროპეიზაციის მიმართულებით, ნიშნავს რომ სომხეთთსაც ნაკლები შანსები ექნება ამ გაღწევისთვის, მით უფრო იმ სამეზობლოში, რომელშიც ის არის. ამ ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ აქტივისტებისთვის, რომელთაც ადრე ეგონათ რომ საქართველო იყო დემოკრატიული ჰაბი რეგიონში, სადაც გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლება მაღალი ხარისხით იყო დაცული, ევროპული და უფრო მეტად ამერიკული სტანდარტებითაც კი, დღეს საქართველო სრულიად არაუსაფრთხო ქვეყანა გახდა [პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებისთვის], და მითუმეტეს, სხვა ქვეყნებიდან გადმონაცვლებული და გამოქცეული დევნილი ჟურნალისტებისთვის, აქტივისტებისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ორგანიზაციებისთვის დ.ა.შ”.
თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ მის მიუხედავად, საქართველოს საზოგადოებაში გრძელვადიანი დემოკრატიული გამოცდილება უკვე დაგროვდა, რაც მიმდინარე პროცესებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შესაძლებელს ხდის.
“საქართველოში ხანგრძლივმა დემოკრატიზაციამ, წინააღმდეგობებმა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება უწევდა, ძალიან მედეგი გახადა ჩვენი ხალხი და პრინციპში ჩვენ ვხედავთ ასევე უპრეცედენტო წინააღმდეგობას ჩვენი საზოგადოების მხრიდან, ვხედავთ უწყვეტ პროტესტს სხვადასხვა ქალაქში. სხვა გზა არ გვრჩება გარდა ბრძოლისა, სხვა შემთხვევაში, ჩვენ ყველანი აღმოვჩნდებით ისეთი ტიპის სახელმწიფოში, როგორიცაა აზერბაიჯანი, რუსეთი, მეტ ნაკლები ცვლილებებით. გახდება ქვეყანა, სადაც უბრალოდ თავისუფალი სივრცე, თავისუფალი სიტყვა და ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობა აღარ იარსებებს, იმ ბრძოლის, რაზეც ჩვენი ისტორიული მეხსიერება და იდენტობა დგას”.
ამასთან, იმედის საფუძველს თამთა მიქელაძე სხვა რამეშიც ხედავს – იმაში, რომ საქართველოს ეკონომიკა ვერ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რაც ავტორიტარიზმს სჭირდება გადარჩენისთვის:
„ჩვენ არ ვართ რუსეთი, არც აზერბაიჯანი, არც ბელარუსი. მათ გააჩნიათ ეკონომიკური რესურსები — ენერგორესურსები ან სტრატეგიული წვდომები. საქართველოს ეკონომიკა სუსტია და თვითკმარად ვერ გაუძლებს ამ პოლიტიკურ კურსს. ამიტომ ავტორიტარიზმის გაღრმავებას საფუძველი არ აქვს. სწორედ ეს არის ჩვენი წინააღმდეგობის საფუძველი.“