მახარაძე და მარტინენკო, სავარაუდოდ, ევროკავშირის დროშის დაწვის გამო დააკავეს

პრორუსული „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, სავარაუდოდ, ევროკავშირის დროშის დაწვის გამო დააკავეს.
„ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა თბილისის მერიის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დაწვეს.
როგორც ზურაბ მახარაძე აცხადებს, ამ საქციელით ისინი „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთი მხარდამჭერის, ლაშა შალუხიას დაკავებას გამოეხმაურნენ, რომელიც მისი თქმით, ევროკავშირის დროშის დაწვის გამოა დაკავებული.
როგორც მახარაძემ განაცხადა, მან და მარტინენკომ ევროკავშირის დროშის დაწვის შემდეგ პოლიციას თავად დაურეკეს და გამოიძახეს.
ინფორმაციას მათი დაკავების შესახებ ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ უდასტურებენ, თუმცა ზურაბ მახარაძისა და ირაკლი მარტინენკოს განყოფილებაში გადაყვანის კადრები თავად „ალტ-ინფომ“ გაავრცელა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა პრორუსული ძალადობრივი ჯგუფები ადმინისტრაციული შენობების წინ აღმართულ ევროკავშირის დროშას ხსნიან და წვავენ. მათ არაერთხელ ჩამოხსნეს და დაწვეს პარლამენტთან აღმართულ ევროკავშირის დროშაც.
2022 წლის იანვრიდან საქართველოში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროკავშირის, ნატოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის სასჯელს ითვალისწინებს.
კერძოდ, საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს შებღალვა ან საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი იმ სახელმწიფოს, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა, დროშის ან გერბის შებღალვა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით.
თუ ამ ქმედების ჩამდენია ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი, მაშინ ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.