ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს,რომ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას აპირებს.
აღნიშნული შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან შეხვედრის დაწყებამდე კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
ტრამპს კითხვა დაუსვეს, შესაძლებელია თუ არა აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების გაფორმება, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ „სავაჭრო გარიგება 100 პროცენტით იქნება“.
„რა თქმა უნდა, იქნება სავაჭრო შეთანხმება. მათ ძალიან სურთ და ვაპირებთ სავაჭრო შეთანხმების გაფორმებას. ველოდები ამას, მაგრამ ეს იქნება სამართლიანი გარიგება. შეთანხმების მიღწევაში ჩვენ არ გვექნება პრობლემა ევროპასთან ან ვინმე სხვასთან, რადგან ჩვენ გვაქვს ის, რაც ყველას სურს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი „ძალიან მოსწონს, შესანიშნავ პრემიერ-მინისტრად მიიჩნევს და ფანტასტიკურ სამუშაოს ასრულებს“. ტრამპის თქმით, მელონი მსოფლიოს ერთ-ერთი რეალური ლიდერია.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა უარყო „სატარიფო ომის“ ფონზე ევროკავშირის ჩინეთთან დაახლოების შესაძლებლობა.
„ვერავინ შეგვედრება კონკურენციაში. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგ შეთანხმებას მივაღწევთ ჩინეთთან“, – აღნიშნა ტრამპმა.
თავის მხრივ, იტალიის პრემიერმა განაცხადა, რომ არ შეუძლია ტარიფებზე საუბარი მთელი ევროკავშირის სახელით, მაგრამ სურს ტრამპის იტალიაში მიწვევა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტისა და ევროპის ლიდერების შეხვედრის ორგანიზებას იმედოვნებს.
„დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა. მე აქ ვარ, რომ დავეხმარო ამ პროცესს. მჯერა, საუკეთესო გზა არის გულწრფელი საუბარი“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
1tv.ge