მიხეილ ყაველაშვილი სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა და შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
ყაველაშვილმა მედიასთან გამოსვლისას განაცხადა, რომ მოხარულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველი სამუშაო ვიზიტი სწორედ აზერბაიჯანში აქვს და მოხარულია, რომ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შესაძლებლობა უკვე მიეცა.
მოგვიანებით, ყაველაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის შესაბამისად, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სამაგალითო სტრატეგიულ პარტნიორობასა და იმ მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც ქვეყნებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ მიმართულებით, აერთიანებს.
“მადლობა გადავუხადე პრეზიდენტ ალიევს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის. ხაზი გავუსვით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ასევე, დავადასტურე, რომ საქართველო მზად არის, მომავალშიც განაგრძოს ამ პროცესში თავისი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. გვქონდა შესაძლებლობა, განგვეხილა ერთობლივი მასშტაბური სტრატეგიული პროექტები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები”.
ყაველაშვილი აზერბაიჯანში ასევე შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ალი ასადოვს.
“განვიხილეთ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სხვადასხვა სფეროში, მათ შორის რეგიონულ და საერთაშორისო მრავალმხრივ ფორმატებში წარმატებული თანამშრომლობა. ყურადღება გავამახვილეთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე და ერთობლივი რეგიონული პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე. აღინიშნა შუა დერეფნის მნიშვნელობა, მათ შორის ტვირთების ტრანსპორტირების გაზრდის კუთხით. შეხვედრაზე ხაზი გავუსვი სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
მადლობა გადავუხადე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის”.
