სანამ ქუჩებში პროტესტი არსებობს და 50 პოლიტპატიმარი კვლავ ციხეშია, თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა და ამ საკითხზე საუბარი, პოლიტიკური პარტიების მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია – მაგრამ გიორგი გახარიასგან მსგავსი დამოკიდებულება არ მიკვირს, რადგან მან ის ერთადერთი შეთანხმება, საგამოძიებო კომისიაში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით, დაარღვია,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა იგორ ნარმანიამ, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
იგორ ნარმანიას შეფასებით, მაშინ, როდესაც საგარეო მიმართულებით ბევრი წარმატებაა და ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ სანქციები იზრდება, ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი არასწორია.
„საგარეო მიმართულებით ბევრი წარმატებაა, მათ შორის PACE-ში მიღებული ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც „ოცნებას“ წარმომადგენლობა არ ეყოლება მანამდე, სანამ ახალ არჩევნებს არ ჩაატარებს და პოლიტიკურ პატიმრებს არ გამოუშვებს. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია არასწორია მაშინ, როდესაც საგარეო მიმართულებით წარმატება გვაქვს და ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ მიმართ სანქციები იზრდება.
მაგრამ გიორგი გახარიასგან მსგავსი დამოკიდებულება არ მიკვირს, რადგან მან ის ერთადერთი შეთანხმება, საგამოძიებო კომისიაში არ მონაწილეობასთან დაკავშირებით, დაარღვია, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ფორმატში იყო დადებული. ამიტომ გიორგი გახარიას არაორდინალური ქმედებები არ გვიკვირს. მაგრამ მას ამავე დროს, მკაფიო ხაზი არ აქვს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, ყველა საკუთარ საქმეს მიხედავს, მაგრამ მისი განცხადება არასწორია, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ შევა თვითმმართველობის არჩევნებში, როცა დისკუსია გაიხსნება ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ჩვენი მეგობრები, პოლიტიკური პატიმრები გათავისუფლებულები იქნებიან, მანამდე ამის მორალური უფლება არ გვაქვს, რადგან ისინი ბიძინა ივანიშვილსა და მის სასამართლოს ციხეში ჰყავს გამოკეტილი. პრაგმატულადაც რომ ვიმსჯელოთ, ჩვენს ამომრჩევლებს ვერ დავაჯერებთ, რომ ამ არჩევნებს აზრი აქვს“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ.
ასევე იგორ ნარმანია, გიორგი გახარიას საგამოძიებო კომისიის სხდომაში მონაწილეობასაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, კითხვები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობდა, გიორგი გახარიამ ვერ გააქრო.
„გიორგი გახარიამ კითხვები, რომლებიც საზოგადოებაში არსებობდა, ვერ გააქრო. მან განაცხადა, რომ 20 ივნისს კონკრეტულ ქმედებებთან დაკავშირებით ბრძანება არ გაუცია, თუმცა არ თქვა კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც ბრძანება გასცეს. მიუხედავად მისი მხრიდან ბევრი საუბრისა, მას ახალი არაფერი არ უთქვამს, მე ვერაფერი ვერ დავინახე, გარდა ჭორაობისა“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ.
პოლიტიკოსი, ასევე საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე პარტიების აკრძალვასა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა დროში ვეღარ ესწრება, ამიტომ მათ კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. მისი შეფასებით, მამუკა მდინარაძის ეს განცხადება აბსურდია, რადგან ყველა ბერკეტი მათ ხელშია, მაგრამ აცხადებს, რომ „მათი გადმოგდებული არჩევნები არავის სჭირდება“.
„მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ პარტიების აკრძალვა დროში ვერ ესწრება, აბსურდია. სასამართლო მათ ხელშია, აღმასრულებელი ხელისუფლებაც და ყველა ის სტრუქტურა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ ფორმალურად აკრძალვა შეუძლია. მათი ეს განცხადება შესაძლოა დაკავშირებული იყოს საერთაშორისო რეაქციებიდან და გამოხმაურებებიდან, რადგან როდესაც პოლიტიკურ პარტიას აუქმებ – აფორმებ ბელორუსს. შესაძლოა პარტნიორებთან ან „დიფ-სთეითთან“ დამარცხდნენ. „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, ყველას დაუძახოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, როგორც გიორგი გახარიას ეძახის – „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წევრს. მაგრამ ეს პროპაგანდაც გაუცვდათ. ისინი არ არიან ისეთი ძლიერები არც შიგნით და არც გარეთ, ამიტომ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიციური პარტიები უნდა გაძლიერდნენ, რომ „ოცნებას“ თავად მოუწიოს დათმობებზე წამოსვლა.
კომისიის მიზანიც პატიების აკრძალვა იყო, თუმცა უკან დაიხიეს. ამბობენ, რომ კიდევ ერთ შანს მისცემენ „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ – მათი გადმოგდებული არჩევნები არავის სჭირდება, ეს არის ღალატისა და ფარსის კომისია. გოგა ხაინდრავას, ნანა კაკაბაძისა და გუგეშაშვილის სცენარებით მიმდინარეობს“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, იგორ ნარმანიამ ასევე, მიმდინარე აქციებზეც ისაუბრა. მისი შეფასებით, საპროტესტო მოძრაობის ხარჯზე ხდება, რომ საერთაშორისო პარტნიორები სანქციებს ამძაფრებენ.
„ოპოზიციის საქმე არის, რომ ნიჰილიზმში ჩავარდნილი ადამიანები ამ მდგომარეობიდან გამოიყვანოს და ქუჩაში ერთად დააყენოს და არა დისკუსია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ეს სისუსტის მაჩვენებელია, რომ ვერაფერს ვერ აღწევ პროტესტით და ახლა თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრობ. საპროტესტო მოძრაობის ხარჯზე ხდება, რომ საერთაშორისო პარტნიორები სანქციებს ამძაფრებენ. ოპოზიციამ კი ერთად უნდა იმუშაოს და ერთმანეთის მიმღეობა უნდა ვისწავლოთ. ასევე უნდა იყოს საუბარი თუ როგორ უნდა გამძაფრდეს პროტესტი“,- განაცხადა იგორ ნარმანიამ.
