გაეროს უშიშროების საბჭოს კენჭი უნდა ეყარა რეზოლუციისთვის, რომელიც შეეხება ომს, რომელიც ისრაელსა და აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეულ ჰამასს შორის მიმდინარეობს. დიპლომატიურ წრეებზე დაყრდნობით დასავლეთის მედია იტყობინება, რომ კენჭისყრა გადაიდო და აშშ-ის სურვილით ტექსტი შესუსტდა. უშიშროების საბჭოს სხვა წევრებმა ამის გამო უკმაყოფილება გამოხატეს.
სხვათა შორის, ტექსტიდან ამოიღეს „სამოქალაქო პირებზე ისრაელის არმიის განურჩეველი თავდასხმის” შესახებ წინადადება.
რეზოლუციის პროექტი მოითხოვს ისრაელისგან, შესაძლებელი გახადოს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად შეტანა.
ამასთან უნდა შეიქნას ძალის გამოყენების შეწყვეტის მდგრადი წინაპირობები. ჰუმანიტარული ტვირთების შეტანა გაეროს მიერ დანიშნულმა ახალმა კოორდინატორმა უნდა შეამოწმოს. რეზოლუციის გამო კენჭისყრა რამდენჯერმე გადაიდო აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელი ვეტოს გამო. გაეროში აშშ-ის წარმომადგენლობის თანახმად, აშშ ბოლო ვერსიას მიიღებს.
7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმას 1200-ზე მეტი ისრაელელი ემსხვერპლა, მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო. მძევლად აიყვანეს 240 ადამიანი.
ჰამასის მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის მხრიდან წარმოებულ საპასუხო ომს ღაზის სექტორში ემსხვერპლა 20 ათასამდე ადამიანი, ძირითადად ქალები და ბავშვები.