დღეს პარტიები არიან დასუსტებულები და ვერ შეძლებენ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას და „ქართული ოცნება“ დაამარცხებს [ოპოზიციას], კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს საკუთარ მოსახლეობას და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ „მოსახლეობა ჩვენ გვიჭერს მხარს და 2024 წლის 26 ოქტომბერსაც ჩვენ ვიყავით მართლები, არ გაგვიყალბებია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელის მომზადება თვითმმართველობის არჩევნებამდე არ მოხდება.
ნიკა ჩიტაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ შეიძლება იმაზეც ჰქონდეს გათვლა, რომ ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და იტყვიან, რომ ისინი უფუნქციო პარტიები არიან.
„თვითონ „ქართული ოცნების“ განზრახვა, რომ აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, წარმოადგენს ბოლშევიკურ, ნაცისტურ და ფაშისტურ მეთოდს. როდესაც ბოლშევიკები მოვიდნენ რუსეთში ხელისუფლების სათავეში, ერთ-ერთი პირველი დეკრეტი, რომელიც ლენინმა გამოსცა, ეს იყო პოლიტიკური პარტიების დროებით აკრძალვის შესახებ. ამის შემდეგ ერთპარტიული დიქტატურა დამყარდა. სამწუხაროდ, ამ მეთოდის გამოყენებას ცდილობს „ოცნება“.
საერთო ჯამში, დღევანდელ დე ფაქტო ხელისუფლებას აღიზიანებს საპროტესტო ტალღა, რომელიც აგორებულია მიუხედავად იმისა, რომ ამ საპროტესტო ტალღის ლიდერები არ არიან პოლიტიკოსები, მაგრამ ველის მოსუფთავება სურთ.
რაც შეეხება მამუკა მდინარაძის ახალ განცხადებას, რამდენიმე მიზეზი შეიძლება არსებობდეს. პირველი, „ქართული ოცნება“ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ დღეს საპროტესტო მუხტის მიუხედავად პოლიტიკური პარტიები დასუსტებულები არიან, რადგან ისინი არ შევიდნენ პარლამენტში, უარი თქვეს სადეპუტატო მანდატზე, შესაბამისად, მათ არ გამოეყოფათ საბიუჯეტო სახსრები წელიწადში მილიონი ლარის მოცულობით. შესაბამისად, დღეს პარტიები არიან დასუსტებულები და ვერ შეძლებენ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებას. რომც მოინდომონ და დათანხმდნენ არჩევნებში მონაწილეობას, ფინანსური რესურსები „ქართული ოცნების“ ხელშია თავმოყრილი და „ქართული ოცნება“ დაამარცხებს [ოპოზიციას], კიდევ ერთხელ დაუმტკიცებს საკუთარ მოსახლეობას და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ „მოსახლეობა ჩვენ გვიჭერს მხარს და 2024 წლის 26 ოქტომბერსაც ჩვენ ვიყავით მართლები, არ გაგვიყალბებია“.
როგორც მოსალოდნელი იყო, ე.წ. „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები უარს იტყოდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე და ამაზეც ჰქონდა გათვლა „ქართულ ოცნებას“. განაცხადებს, რომ კიდევ ერთხელ მივეცით შანსი ამ პარტიებს და მათ ამომრჩეველს, რომ კი ბატონო, მიეღოთ მონაწილეობა, მაგრამ არ მოინდომეს და აქედან გამომდინარე ისინი არიან უფუნქციო.
მესამე, ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ სანქციებთან, რომელიც გააქტიურა დასავლეთმა. განსაკუთრებით მტკივნეული იყო ბრიტანული სანქციები“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
