პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ისტორიის გადაწერის პირდაპირი მცდელობაა – პუტინს მისცენ საჩუქრად დასკვნა, რომ ჩვენ თვითონ დავიწყეთ ომი, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა გივი თარგამაძემ ჟურნალისტებს, სასამართლოში, მის საქმესთან დაკავშირებული პროცესის დაწყებამდე განუცხადა.
მისივე თქმით, „კომისია არის რუსების შეკვეთა“.
„კითხვაც აღარ დარჩა, როცა კომისიის თავმჯდომარემ გვამცნო, რომ საქართველოს ეროვნული გმირი, გიორგი ანწუხელიძე „ვიღაცის პიარს შეეწირა“. გასაგებია, რისთვისაცაა ეს კომისია შექმნილი. პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის რუსების შეკვეთა. არსის ჩანაცვლება ხდება, პუტინს მისცენ საჩუქრად დასკვნა, რომ ჩვენ თვითონ დავიწყეთ ომი, რომელსაც ის გამოიყენებს შემდგომ უკრაინისთვისაც, იტყვის, რომ უკრაინამ თვითონ დაიწყო და ა.შ. ისტორიის გადაწერის პირდაპირი მცდელობაა“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
ცნობისთვის, პროკურატურამ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს ბრალი წარუდგინა. თარგამაძეს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა ბრალი, რაც “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას” გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
როგორც ცნობილია, გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე 3 აპრილს დაიბარეს, მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. გივი თარგამაძე 11 აპრილს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.
