საჯარო სამსახურებში რეპრესიები 700-მდე ადამიანს შეეხო – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) იუწყება, რომ 2024 წლის დეკემბრიდან, – პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების უწყვეტი ტალღის დაწყებიდან – „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საჯარო სამსახურებიდან 700-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლა პოლიტიკური მოტივებით.
კორუფციის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, „ქართული ოცნების“ მიერ ქვეყანაში არსებული საპროტესტო ტალღის „დათრგუნვის მცდელობებიდან ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საჯარო სამსახურის სრულად პარტიის დაქვემდებარებაში მოქცევაა“.
„პოლიტიკური ნიშნით 700-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს ათობით საჯარო სტრუქტურიდან“, – წერს TI და ჩამოთვლის იმ საჯარო უწყებებს, საიდანაც ყველაზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს:
· თავდაცვის სამინისტრო
· თბილისის მერია და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ები,
· იუსტიციის სახლი,
· საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო,
· პრობაციის ეროვნული სააგენტო,
· ცენტრალური საარჩევნო კომისია (),
· სიღნაღის, ლაგოდეხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტები,
· აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო,
· აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი,
· საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭო,
· მთავრობის ადმინისტრაცია,
· პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.
TI ასევე წერს, რომ გაუქმდა საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრი და საჯარო სამსახურის ბიურო.
„ამ უწყებებში, ძირითადად რეორგანიზაციის, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის ან სხვა ფორმალური მიზეზებით, გაათავისუფლეს ან თანამდებობიდან გადააყენეს ის თანამშრომლები, რომლებმაც ხელი მოაწერეს საპროტესტო განცხადებებს ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე, ან ღიად გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ“, – აცხადებს ორგანიზაცია.
ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დეკემბრიდან დღემდე ოთხჯერ შეიტანა ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში.
ამ ცვლილებებით, უფლებადამცველების შეფასებით, მნიშვნელოვნად გაუარესდა საჯარო მოხელეთა სამართლებრივი დაცვის მექანიზმები და, როგორც TI წერს, „ფაქტობრივად გაუქმდა საჯარო სამსახურის რეფორმა, რომელიც წლების განმავლობაში ხორციელდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით და ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობა იყო“.
საჯარო სამსახურებიდან ადამიანების გათავისუფლების ფონზე, ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა განაცხადა: „დაუშვებელია საჯარო სამსახურში დასაქმებულთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო“.
ომბუდსმენმა 20 მარტს განაცხადა, რომ საჯარო სამსახურში მიღებული ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება „სრულად უნდა შეესაბამებოდეს შრომის უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს“.
სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, 2024 წლის დეკემბრიდან, საჯარო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, აპარატის თანამშრომლები დაუკავშირდნენ სამსახურიდან გათავისუფლებულ 41 ადამიანს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ