მოვითხოვთ ზაუტაშვილისა და ივანოვ-ჩიქოვანის სამსახურში აღდგენას – “საზმაუს მცველები”

საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციის მე-17 მუხლითაა უზრუნველყოფილი. საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისი იდეით და არსით არის დემოკრატიული ინსტიტუცია.
სამწუხაროდ, დღეს ის არ ასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოვალეობებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი ემსახურება მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს – ნათქვამია მოძრაობა “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველების” განცხადებაში, რომელიც მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებას ეხმაურება – ვასილ ივანოვ-ჩიქოვანისა და ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლების თაობაზე.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაშინების და ზეწოლის სხვადასხვა ფორმამამ თანამშრომლების გათავისუფლებით, კულმინაციას მიაღწია. “მაუწყებლის მცველები” ივანოვ-ჩიქოვანისა და ზაუტაშვილის სამსახურში აღდგენას მოითხოვენ:
11 აპრილამდე გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო მენეჯმენტთან ერთად გვეპოვა გამოსავალი და შეგვესრულებინა ჩვენი ვალდებულებები საზოგადოების წინაშე. სამწუხაროდ, დაშინების და ზეწოლის სხვადასხვა ფორმამ გუშინ მიაღწია კულმინაციას და ორი პროფესიონალი, ღირსეული ადამიანი, რომელიც ამ დროის განმავლობაში სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებლის ღირსების დასაცავად იბრძვის, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” არ ვეთანხმებით ამ უსამართლო გადაწყვეტილებას და მოვითხოვთ ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის სამსახურში აღდგენას, ასევე, უნდობლობას ვუცხადებთ მიკერძოებულ მოკვლევას და მის შედეგებს.
დაშინების და მუქარის მცდელობების მიუხედავად, “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” ვაგრძელებთ ბრძოლას საზოგადოებისთვის და საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დასაცავად – მოვითხოვთ ნინო ზაუტაშვილის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის და ანა მეტრეველის სამსახურში აღდგენას. მოვითხოვთ თანამშრომლებზე ზეწოლის შეწყვეტას, ვინაიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო პერიოდში, სწორედ ამ მიზეზით რამდენიმე ადამიანმა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. მოვითხოვთ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის დაბრუნებას “მოამბის” წამყვანის პოზიციაზე და “რეალური სივრცის” სატელევიზიო ეთერში დაბრუნებას ნინო ზაუტაშვილთან ერთად, ვინაიდან “რეალური სივრცე” არხზე ერთადერთი გადაცემაა, რომელიც სიღრმისეულად და მიუკერძოებლად აშუქებდა საზოგადოებაში და ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებს, სადაც ისმოდა თქვენი, ხალხის ხმა.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” ვითხოვდით და ვითხოვთ ქვეყნისთვის კრიზისულ ვითარებაში, ცარიელ სატელევიზიო ბადეში სადისკუსიო ველის შექმნას, ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ, რომ არხზე ისმოდეს კრიტიკული ხმა, მოსაზრებათა მრავალფეროვნება, ჯანსაღი დისკუსია, სოციალური საკითხები. ვითხოვთ, რომ არხზე ჩანდეს უფლებააყრილი და ნაწამები ადამიანების სახეები და ისმოდეს მათი ხმა. ჩვენ ვსაუბრობდით სამართლიანი და პროფესიული ჟურნალისტიკის აუცილებლობაზე – ამის საპასუხოდ მივიღეთ ზეწოლა, დაშინება, დევნა!
არ გვეშინია, ვაგრძელებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას!” ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან